ერთ-ერთ ქართულ ონლაინ გაყიდვების საიტზე გამოჩნდა განცხადება, რომლის ავტორი 2000 დოლარად შეფასებულ ფერწერულ ნამუშევარს ყიდის. ნამუშევარმა ინტერნეტ-აუდიტორიის ყურადღება იმით მიიქცია, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პორტრეტს წარმოადგენს.
Ambebi.ge დაინტერესდა, თუ ვის ეკუთვნის ნამუშევარი. აღმოჩნდა, რომ პორტრეტის ავტორი 73 წლის ფერმწერი დემურ გრიგოლიაა, რომელმაც Ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა ნამუშევარი გაეყიდა და მკურნალობისთვის საჭირო თანხა ეშოვნა.
- ბატონო დემურ, რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამანც ბიძინა ივანიშვილის პორტრეტის გაყიდვა. ზოგადად თქვენს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ პოლიტიკოსებს თუ ეს გამონაკლისი შემთხვევაა?
- გულახდილად გეტყვით, არ გავყიდიდი, უბრალოდ სხვა გზა არ დამრჩა, რადგან მაქვს სიმსივნე, ვმკურნალობ ონკოლოგიურ საავადმყოფოში. საკმარისი თანხა არ მქონდა და იძულებული გავხდი გამეყიდა. სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი, უბრალოდ ვაჩუქებდი პორტრეტს ბატონ ბიძინას.
- რატომ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი?
- ამ ადამიანმა ჩემში დიდი სიმპათია დაიმსახურა. ვიდრე ქართულ პოლიტიკაში მოვიდოდა, მანამდეც მესმოდა მის შესახებ ბევრი კარგი რამ, თუმცა ნამდვილად არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა. გამოჩნდა თუ არა, გადავწყვიტე მისი პორტრეტი შემექმნა და დავხატე კიდეც. სხვა პოლიტიკოსები ნამდვილად არ დამიხატავს. მხოლოდ 2 პორტრეტი მაქვს და ორივე ბატონ ბიძინასია.
- ბევრი ადამიანი გამოეხმაურა თქვენს განცხადებას?
- დიახ, ნამუშევარი გუშინ განთავსდა ინტერნეტში და მას შემდეგ ტელეფონზე ზარები არ წყდება.
- გვითხარით, რას საქმიანობთ, ვინ ხართ პროფესიით?
- 1969 წელს დავამთავრე ლენინგრადის სამხატვრო აკადემია. მას შემდეგ 44 წელი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვასწავლი. 1979 წელს ჩემი ნამუშევარი, "ლენინგრადელი გოგონა" თბილისის ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა და ახლაც იქ არის დაცული.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge