"კედელთან მიგაყენებთ", "ფეხქვეშ გაგთელავთ", - ასე მიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის სამ ყოფილ პრეზიდენტს. ფაშინიანის თქმით, ასე მოიქცევა, თუ ისინი არ შეწყვეტენ მთიანი ყარაბაღის დაცემაში მის დადანაშაულებას.
აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"თუ არ გაქვთ სალაპარაკო, გაჩერდით და ხმა ჩაიგდეთ! თუ მზად ხართ დებატებისთვის, მოდით ვისაუბროთ. გაფრთხილებთ, გაგანადგურებთ და თქვენს პოლიტიკურ ცხედრებს გაიტანენ. ეს სამივეს გეხებათ.
თავი დაანებეთ ჩემს ნერვებზე თამაშს, ფეხქვეშ გაგთელავთ. ან მოერიდეთ, გაჩუმდით და ნუ ლაპარაკობთ ამ თემაზე, ან პირდაპირ დებატზე მივდივართ, სხვა ვარიანტი არ არსებობს“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, 2024 წლის ბოლოს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 1994 წლის ზავის შემდეგ მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნებას ეხებოდა. ამ განცხადებას მოჰყვა ფაშინიანის მწვავე კრიტიკა ყოფილი პრეზიდენტების მხრიდან, საპასუხოდ ნიკოლმა ისინი დებატებში გამოიწვია, რაზეც უარი მიიღო.