ცნობილი ხდება, რომ დიზაინერი თეონა თავართქილაძე მეორე, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე კი მესამე შვილიშვილს ელოდებიან. ცნობილი ოჯახები ორი წლის წინ დანათესავდნენ. ნანა ლორთქიფანიძის შვილი, მსახიობი 39 წლის ქეთი წიქვაძე, ცოლად თეონას ვაჟს 31 წლის ნიკა არველაძეს გაჰყვა.
წყვილის დაოჯახებამ უხმაუროდ, ქორწილის გარეშე ჩაიარა. მხოლოდ ახლა, ნანა ლორთქიფანიძის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, რომ ლორთქიფანიძეები არველაძეებთან დანათესავდნენ. ამ თემაზე მსახიობმა ჟურნალ "სარკესთან“ ისაუბრა.
ქეთი 22 წლის იყო, როცა პირველი ოჯახი შექმნა, თუმცა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და მეუღლეს მალევე დაშორდა. მას ორი შვილი, ილია და გიორგი ჰყავს. ნანა ლორთქიფანიძე სამჯერ იყო დაოჯახებული. წლების წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში, ქეთი დედის ქორწინებებზე იხსენებდა:
"მე პირველი ქორწინებიდან გავჩნდი. 11 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. ერთად არ ვცხოვრობდით, ბოლო წლები საქართველოშიც არ იყო. ურთიერთობა ბოლომდე გვქონდა, მაგრამ მაინც ფრაგმენტულად მახსოვს. თუმცა, ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ მას ვგავარ. ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ ჩემზე ბევრად ლამაზი ლურჯი თვალები ჰქონდა".
ქეთი ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა, პროფესიით ტელე-კინომენეჯერია და სრულიად შემთხვევით მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალების“ ქასთინგებზე, სადაც მოგვიანებით ბაქარის მეორე ცოლის, ლეკას როლი ითამაშა.
რაც შეეხება ნიკა არველაძეს, ის რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი შვილია. უმცროსი ვატო არველაძე 2023 წლიდან თბილისი "დინამოს" ფეხბურთელია, მანამდე კი თურქეთში ცხოვრობდა. ვატო დაოჯახებულია, პირველი შვილი ვატოს და მაკუნა ზედაშიძეს 2024 წელს შეეძინათ.
"შვილები უკვე გაიზარდნენ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ერთი ფეხბურთს თამაშობს პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. მეორეც მუშაობს. ადრე ძალიან ხშირად ვიყავი მათთან, მაგრამ ახლა იმდენად ვერ ვახერხებ ხოლმე შვილებთან ჩასვლას, რომ უკვე თვითონ მეკითხებიან, როდის ჩავალ.“ - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.