რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას მსახიობმა როლანდ ოქროპირიძემ თავისი უფროსი ვაჟი, გიორგი ბაქრაძე გააცნო. მაყურებლების დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რომ ცნობილ მსახიობს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა, რომელიც ძალიან ჰგავს მამას.
დღეს, ის წარმატებული მწერალი და საბავშვო თეატრის დამფუძნებელია. ეკა ლექსებს ახლაც წერს, თარგმნის ანა ახმატოვას ლექსებს, რომლის დაბეჭდვასაც აპირებს. ის ასევე წერს სცენარებს.
მის ცხოვრებაში იყო როგორც აღმავლობა, ასევე რთული პერიოდები, რომლებმაც მისი ხასიათი და შემოქმედება ჩამოაყალიბა. AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ეკა გულწრფელად საუბრობს თავის ცხოვრების გზაზე, სიყვარულზე, დედობაზე და შემოქმედებით საქმიანობაზე
- ეკა, წლების წინ, პატარა პოეტი გოგონა საზოგადოებამ გაგიცნოთ, როგორ დაიწყო თქვენი პოპულარობა?
- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ლექსები და ზღაპრები, თუმცა, ერთ დღეს როდესაც გარითმულად საუბარი დავიწყე, ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ სხვისი ლექსები მქონდა დასწავლილი. შემდეგ ყურადღება დეიდამ მომაქცია, პროფესიით ჟურნალისტია, ახლა უცხოეთში ცხოვრობს. სწორედ მან მიიტანა ჩემი ლექსები მაშინდელი "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში, რომლის რედაქტორიც პაატა ნაცვლიშვილი იყო. აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების ლამაზი დღეები. პაატა იყო ჩემი ბევრი ლექსის ინსპირაცია და ჩემი მეზღაპრე. 11 წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი პოეტური კრებული დაიბეჭდა. იცით, ყოველ კვირას საქართველოს ყველა რეგიონიდან რამდენი წერილი მომდიოდა. სახლში მოდიოდნენ უცნობი ადამიანები, ჟურნალისტები ჩემს გასაცნობად. სხვათა შორის, ეს წერილები დღემდე შენახული მაქვს.
ბუმბერაზ ლექსის ოსტატებთან ერთად, ჩემს საგანძურში გია ფერაძის ციხიდან გამოგზავნილი წერილიც ინახება გიას დედის, ქალბატონი თინას ხელით გადაწერილია, სადაც მიყვება, რეალურად რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს. ეს წერილი რომ მივიღე, 10-11 წლის ვიქნებოდი. ლექსიც მომიძღვნა, შვილივით მიმიღო. ციხიდან ხშირად მომდიოდა წერილები, გვაქვს ეჭვი, რომ ზვიად გამსახურდიამაც მომწერა ციხიდან, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა. უფროსები გააფრთხილეს, რომ ბავშვი ამ ყველაფრისგან მოერიდებინათ.
- გაიზარდა 10 წლის ეკა და ჩამოვიდა დედაქალაქში, შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?
- 16 წლის ვიყავი თბილისში რომ ჩამოვედი. 5 წლის ასაკში შემიყვანეს სკოლაში და ადრე დავამთავრე. მე თეატრალურზე მინდოდა ჩაბარება, მთელი ბავშვობა სპექტაკლებს ვდგამდი, ძმებთან ერთად. გავჭიმავდით ფარდას, ზაფხულში ორღობეში, ზამთარში სახლში და სპექტაკლებს ვმართავდი. თუმცა, ოჯახის წევრების არჩევანით, სხვაგან ჩავირიცხე. 90-იანი წლების სტუდენტობა ადვილი არ იყო. გაყინული კედლები, არა სინათლე, გაზი...
- თბილისში ვისთან ცხოვრობდით?
- ჩემს სახლში, თუმცა, როგორ მივიღე ეს ბინა ძალიან საინტერესო ისტორიაა. ჩემი პირველი წიგნის გამოსვლის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ვმოგზაურობდი, მკითხველებს ვხვდებოდი, პატარა გოგონა, სცენაზე ყვავილებში არ ვჩანდი ხოლმე. ერთ დღესაც, თბილისიდან ხაშურში რომ დავბრუნდით, პაპამ გვითხრა, იცით, აქ ირაკლი აბაშიძე იყო ორჯერ მოსული, ეკას გაცნობა უნდოდაო. აღმოჩნდა, რომ პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე ბორჯომში ისვენებდა და გზად ჩემს გასაცნობად შემოიარა. მაშინვე მანქანით ბორჯომში გავეშურეთ და სასტუმროში ავაკითხეთ. იქ ბატონი ირაკლის მეუღლე და ქალიშვილი დაგვხვდნენ, თავად ფიჭვნარში სეირნობდა. მისმა ქალიშვილმა ხელი ჩამკიდა და მამის გასაცნობად მიმიყვანა, რომელსაც სიბნელეში მისი შვილიშვილი ვეგონე. შემდეგ ნომერში ავედით, ვსაუბრობდით. უცებ მომიტრიალდა და მეკითხება, ბაბუ, შენ თბილისში ბინა გაქვს? - როდესაც გაიგო რომ არ გვქონდა, დაგვიბარა, დამაწერინა განცხადება და ასე მივიღე საკუთარი ბინა თბილისში. თავიდან ერთოთახიანზე იყო საუბარი, შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილმა თქვა, რომ ბავშვს სტუმარიც ხომ უნდაო და დღევანდელ კოსტავას ქუჩაზე, ოროთახიანი ბინა მაჩუქეს. წლების შემდეგ იქ გავატარე ჩემი სტუდენტობა.
- დღეს გაქვთ ეს ბინა?
- არა, ოჯახური პრობლემის გამო დავკარგე... ეს ბინა უამრავი საზოგადო მოღვაწის სტუმრობის ადგილი იყო.
- რამდენი ხანი იცხოვრეთ თბილისში, სანამ ისევ ხაშურში დაბრუნდებოდით?
- სტუდენტობის შემდეგ ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროში. მყავდა უცხოელი მოსწავლეები, რომლებსაც ქართულს ვასწავლიდი. შემდეგ შევქმენი ლიტერატურულ-თეატრალური წრე, მსახიობები და რეჟისორი შემოვიკრიბე და იქ დავიწყეთ ჩემს ბინაში პოეზიის სპექტაკლები, რომელიც შემდეგ ძალიან მოდური გახდა. ჩემი სულის საზრდო ამაში ვპოვე და ბევრი რამ ვისწავლე მათგან ამ კუთხით. გიორგის მამაც მაშინ ჩემს სალონურ საღამოებში ერთ-ერთი მსახიობი იყო, იმ წლებში გავიცანი.
ხაშურში 2008 წელს დავბრუნდი, ორი წლის ბავშვით, როდესაც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ასევე დაემთხვა აგვისტოს ომი. თავიდან მეგონა, მალე უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ ასე ვეღარ მოხდა, სხვადასხვა ფაქტორების გამო. მშობლიურ სახლში გამოვზარდე ჩემი შვილი, სკოლა აქ დაამთავრა. ასეთი ჭკვიანური რამ, გიორგის გაჩენის გარდა, ჩემს ცხოვრებაში არ გამიკეთებია.
- როგორ მიგიღოთ მშობლიურმა ქალაქმა, 2 წლის ბავშვით, მარტოხელა დედა...
- შეგხვდებიან ისე, როგორც შენ დაანახებ ამას და მისცემ ამის უფლებას. სახლი დაცარიელებული იყო. ხანში შესული პაპა ცხოვრობდა. მე და დედა დავბრუნდით, პატარა გიორგისთან ერთად. საკმაოდ გავერანებული კერა დამხვდა. უმუშევარი, მარტოხელა ვიყავი. თუმცა, არასდროს არცერთი ხელმწიფის ნავში არ ჩავმჯდარვარ სარგებლის გამო! ჩამოვედი მშობლიურ ქალაქში და ცოცხით ხელში აღმოვჩნდი ორღობეში უფუნქციო, დაუხარჯავი. მძიმე იყო ვითომ გულშემატკივრებისგან მოსმენა, რომ ბინა დავკარგე და ასე დავრჩი. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ყველას ყველაფერს ვუხსნიდი და შემდეგ ყველაფერი გულზე მხვდებოდა. შემერყა ჯანმრთელობაც. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი შემიწირავდა, ბოლოს ვისწავლე, რომ არავისთვის ანგარიში არ უნდა ჩამებარებინა და ჩემი საქმე მეკეთებინა. უნდა მეფიქრა მომავალზე და ჩემს შვილზე.
ყველაფერი თავიდან დავიწყე და დღეს მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, ვუძღვები საბავშვო თეატრალურ დასს, ვარ გაზეთის რედაქტორი. მაქვს ჩემი ნიშა და შრომით მივედი ამ სიმაღლემდე.
- თქვენი თეატრის „აკვარიუმის“ შესახებ მოგვიყევით.
- ბავშვებში რომ სწორად მეტყველების პრობლემაა, ეს ნაცნობი და სავალალო საკითხია. ერთ-ერთ სკოლაში შევქმენი პატარა წრე და მხატვრულ კითხვას ვასწავლიდი. კვირაში ორი დღე ვამზადებდი, ლექსებით დავიწყე. შემდეგ ფესტივალზე გასვლის მომენტი რომ დადგა, ბავშვებს პირველი პიესა დავუწერე. ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ჩემი შვილი იყო, რომელიც თავიდანვე ცეკვავდა და მღეროდა. მეც ამ ბავშვებთან ერთად გავიზარდე პროფესიულად.
შემდეგ, პანდემიის გამო, როცა სახლებში გამოგვკეტეს, მეც გავჩერდი. შემდგომში განათლების სამინისტრომ მსგავს წრეებზე უარი თქვა, სკოლაში ვეღარ გავაგრძელებდი მუშაობას. ის სამსახურიც დაიხურა, სადაც სტაბილური ხელფასი მქონდა. მეორე მძიმე პერიოდი მაშინ დადგა ჩემს ცხოვრებაში.
ერთ დღეს, საბავშვო ფესტივალ "მზიანი საქართველოს" დირექტორმა თეა დავითაიამ დამირეკა, ბავშვები დაფანტული მყავდა. მითხრა, მე ასეთ ეკას არ ვიცნობ, ზაფხულში ფესტივალზე გელოდებიო. ბავშვები ისევ შევკრიბე და საკუთარ სახლში გავაგრძელე მუშაობა. ექვსი ბავშვით გავაკეთე სპექტაკლი და წავედით ფესტივალზე. ამის შემდეგ გავადიდე სახლში ოთახები და შევქმენი გარემო, სადაც უფრო მეტ ბავშვს მოვუყრიდი თავს. ახლა ორი დღე კი არა, 23 ბავშვი კვირაში ხუთი დღე ჩემთან ცხოვრობს. შარშან, საგარეჯოსა და ქობულეთის ფესტივალებზე სპექტაკლით „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ გრანპრი ავიღეთ. მეტყველების გარდა, უამრავ რამეს სწავლობენ ბავშვები, მეგობრობას და ერთმანეთის გატანას უპირველესად, ამ 10 წლის განმავლობაში.
- ახლა თქვენს შვილზე მოგვიყევით...
- ერთ დღეში მოხდა საოცრება მის ცხოვრებაში და გიორგი ყველამ გაიცნო. გიორგის აქვს იმის გონიერება, რომ ეს ყველაფერი მშვიდად მიიღოს. მე მგონი კარგი ბიჭია, მე რაც შემეძლო ჩემი ყველა რესურსი მის განვითარებაში ჩავდე. ორ წელიწად ნახევარი ხაშურიდან თბილისში დავდიოდით კვირაში ორჯერ "თელას" სტუდიაში, სადაც რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო ასწავლიდა სამეჯლისო ცეკვებს. ჩემი სპექტაკლების ქორეოგრაფია გიორგის ეკუთვნის.
- თქვენს გვარზეა ბავშვი, ამაზე სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი სვამდა კითხვას...
- რა უკვირთ, ზურა ყიფშიძე, მთელი ცხოვრება დედის გვარზე იყო. ასე მოხდა და უკვე მამის და შვილის გადასაწყვეტია. რატომღაც ეგონათ, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი. ახლა თუ რამე შეიცვლება, მე მხოლოდ მივესალმები.
- გვიან გაიცნო გიორგიმ მამა...
- ჩვენი გზები იმთავითვე განსაზღვრული იყო და ამაში არავის არანაირი ბრალი არ მიუძღვის. მას თავისი ცხოვრება ჰქონდა და აქვს. რაღაც ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. მოხდა, ყველაზე დიდი რამ, დაიბადა გიორგი, ჩემი ცხოვრების აზრი და არა მგონია, შემთხვევითი იყოს ის, რომ ასე ძალიან ჰგავს მამას. პატარაც ნახა მამამ, მაგრამ შემდეგ წლები გავიდა. ადამიანებს ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს, ჩვენი შეცდომები. ბედნიერი ვარ, ასეთი კარგი გენეტიკის შვილი მყავს. ჩემმა შვილმა შემთხვევით არ თქვა მამამისზე, რომ მისი სიალალე მიყვარსო. გიორგის მამა შინაგანად ძალიან სუფთა ადამიანია. ასეთი იყო ბიჭიც და ასეთად დარჩა. გიორგისგან ვიცი, რომ ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს და თბილი ურთიერთობა აქვს მასთან. რამდენჯერ მომისმენია, პატარა დები რომ ურეკავენ და ეუბნებიან, გიო, მიყვარხარ.
ერთი მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ რაც გიორგის დედამიწური ცნობიერება გაუჩნდა, იქიდან იცოდა, რომ ძალიან კარგი მამა ჰყავდა, ნიჭიერი და ერთ დღესაც აუცილებლად მამას შეხვდებოდა, ეს ბავშვობიდან იცოდა. თხოვნა მაქვს მკითხველებთან, მაყურებელთან, სააგენტოებთან, ზედმეტი ცნობისწადილით და შეფასებებით ნუ გააუფერულებენ იმას, რაც მამა-შვილმა ასე გულწრფელად და ლამაზად მოიტანა.
- ბავშვთან ცუდად არასოდეს მოგიხსენებიათ მამა?
- არასდროს, არც ჩემს ოჯახს. ეს იყო ჩემი არჩევანი. ჩემი პაპა გიორგიზე ამბობდა, სიცოცხლე შემოიყვანე ოჯახშიო. დიახ, გიორგის სახით მზე შემოვიდა. ჩემი ოჯახისგან ყოველთვის მქონდა დიდი თანადგომა და ბავშვი სიყვარულით გაიზარდა. ამიტომ არის ლაღი, გულწრფელი, უკომპლექსო.
- ამის შემდეგ ოჯახი აღარ შეგიქმნიათ?
- რომელ ქალს არ უნდა ოჯახი... ჩემი კუნძული მქონდა, ჩემი სამყარო. ალბათ, ვერ მომაგნეს ამ კუნძულზე... სულ მგონია, რომ ჩემი ბიჭი, ჩემი პირველი ნახევარი აფხაზეთის ომში დაიღუპა... ალბათ ოდესმე იქ შევხვდებით ერთმანეთს... ზემოთ... ქალი დედა უნდა გახდეს!