ყოფილი "მის საქართველო", რომელიც მილიარდერი არშბების რძალია - ბიზნესები მოსკოვსა და ბათუმში და დუმის დეპუტატი მამამთილი: ვინ არის თამარ ნემსიწვერიძის მეუღლე
2007 წელს „მის საქართველოს“ გამარჯვებული ბათუმელი ნინო ლიკუჩოვა გახდა. მალევე გაირკვა, რომ ის განათხოვარი და ნასამართლევი იყო. ნინოს პირობითი მსჯავრი ჰქონდა ორი წლის ვადით ცრუ ჩვენების მიცემაზე. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ "მის მსოფლიოზე" ვიცე-მის საქართველო ნინო ლეკვეიშვილი წარადგენდა, თუმცა ისიც განათხოვარი აღმოჩნდა. ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, საერთაშორისო კონკურსზე მეორე ვიცე მისი თამარ ნემსიწვერიძე გაეგზავნათ.
1987 წელს დაბადებულმა ნემსიწვერიძემ საქართველო მის მსოფლიო 2007-ზე ჩინეთში წარადგინა, ის ასევე იმყოფებოდა მის სამყარო 2007-ზე ვიეტნამი. მალე, როგორც მისების უმეტესობა წარმატებით დაოჯახდა. 2009 წელს მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენს, ირაკლი არშბას გაჰყვა ცოლად და ახლა სამი შვილი ჰყავთ.
არშბების ქართული ფესვები და ცხოვრება რუსეთში
2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის 15-15 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა რუსეთის დუმის 20 დეპუტატს.
დეპუტატებს შორის აღმოჩნდა საქართველოში დაბადებული ოთარ არშბა, რომელიც პარტია „ედინაია როსიას“ წევრია და რუსეთის დუმაში ხელმძღვანელობს დეპუტატების შემოსავლების კონტროლის, სამანდატო საკითხების და ეთიკის კომისიას.
ოთარ არშბა 1955 წელს სოხუმში დაიბადა და 13 წლამდე ბათუმში ცხოვრობდა. შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, სადაც საბჭოთა უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. 1980-1990-იან წლებში იყო ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი, რუსეთის უშიშროების ოფიცერი და მოსკოვში კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებს. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან არშბა ბიზნესმენი გახდა და მრავალმილიონიანი ქონება დააგროვა, 2004 წლიდან კი, რუსეთის დუმის დეპუტატია. ოთარ არშბა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაშია - წერს „რადიო თავისუფლება.“
ოთარ არშბა სოხუმში, აფხაზი მამისა და ქართველი დედის ოჯახში დაიბადა. კითხვაზე, ვინ ხართ ეროვნებით, არშბა პასუხობს, რომ რუსეთის მოქალაქეა.
"დედისგან ცეკვისა და ლამაზი დღესასწაულების, თამადობის სიყვარული მერგო, მამისგან კი აფხაზური დისციპლინა და თავშეკავება. ვფიქრობ, რომ ამ ორი კულტურის შერწყმამ სასურველი შედეგი გამოიღო", - აცხადებს არშბა.
ბავშვობის წლები ბათუმში გაატარა, ზაფხულობით კი ხშირად სტუმრობდა მშობლიურ აფხაზეთს და არდადეგებს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბედიაში ატარებდა. მკაცრი აფხაზი ბებია შვილიშვილს ყოველდღე შეშის ჩეხვასა და საქონლის მოვლას ავალებდა. სწორედ ბებიას უმადლის ოთარ არშბა, რომ ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავა შრომის სიყვარული.
სუკ-ის ყოფილ თანამშრომელსა და პროფესიით ოფთალმოლოგ მარინა ზენაიშვილს 25-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ. ჰყავთ ორი ვაჟი და ერთი გოგონა. როგორც თავად ოთარ არშბა ამბობს, ოჯახი მისთვის ერთადერთი საყრდენია, რომელიც ძალასა და სტიმულს მატებს. ბიზნესის გარდა, ცოლ-ქმრის საერთო გატაცება შინაური ცხოველებია - არშბების ოჯახი 7 კატასა და სამი ძაღლის პატრონია. თავად ოთარ არშბას კი მუსიკის, ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის სფეროში პროდიუსერობა იზიდავს. თუმცა მის ყველაზე დიდ გატაცებად სპორტი, უფრო მეტად კი ფეხბურთი რჩება.
სპორტის ეს სახეობა მისი ბავშვობის ყველაზე დიდი გატაცება იყო. 8 წლისა ”დინამოს” ბავშვთა კლუბში აიყვანეს, რამდენიმე წელიწადში კი ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახდა. არის სპორტის ოსტატის კანდიდატი ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. თუმცა, როდესაც არჩევანის წინაშე დადგა - ფეხბურთი თუ კარიერა, ოთარმა მამის გზა აირჩია, რომელიც იმ პერიოდში საბჭოთა კგბ-ს წარმომადგენელი იყო.
ოთარ არშბას ორი შვილი ჰყავს, ირაკლი, თამარ ნემსიწვერიძის მეუღლე და ინგა. საქართველოს საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად, ინგა არის კომპანია „მარი-ჯგუფი“-ს 100%-იანი მფლობელი, რომელსაც ეკუთვნის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში, „კოლოსეუმ მარინა ჰოტელი“. კომპლექსი 2016 წელს გაიხსნა, წითელი ლენტი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაჭრა.
"კოლოსეუმ მარინა ჰოტელის“ მშენებლობაში 14 მილიონი დოლარი იყო ჩადებული. ინვესტორმა მიწა 2012 წელს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეიძინა. რადიო თავისუფლება წერს, რომ სასტუმროს მშენებლობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო. თავად ყოფილმა სახელმწიფოს მეთაურმა 2015 წლის სექტემბრით დათარიღებულ განცხადებაში სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პროექტი, რომელიც მისი ჩანაფიქრით წარმოშობით აფხაზმა ოთარ არშბამ განახორციელა, მოქმედმა მთავრობამ „ქართული ოცნება“ მიითვისა.
მარინა არშბა, ოთარ არშბას ქალიშვილი
რას წერს უცხოური მედია არშბების ოჯახზე
Rucriminal.info-ს მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის სტატიაში, ვკითხულობთ, ბათუმის მცხოვრებლებმა შესანიშნავად იციან ოთარ არშბა. ის ითვლებოდა ამჟამინდელი სასტუმროს ადგილას მდებარე კაფე „გამარჯობა ბათუმი“-სა და უზარმაზარი სპორტულ-გასართობი კომპლექს „მარინა“-ს მფლობელად. ასევე, ქალაქის მაცხოვრებლები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ოთარს ეკუთვნის სასტუმრო „სანაპირო“, რესტორანი „პორტო ფრანკო“ და ქალაქში არსებული მრავალი სხვა ობიექტი. გაირკვა, რომ სააკაშვილის დროს არშბა აქტიურად ყიდულობდა მიწის ნაკვეთებსა და უძრავ ქონებას ბათუმში. თანაც, ბევრი მათგანი მას, როგორც მდიდარ ინვესტორს, ძალიან იაფად ერგო.
ამას შეიძლება დავამატოთ, რომ ოთარ არშბას მეუღლე მარინა ზენაიშვილი არის უძრავი ქონების მართვაზე სპეციალიზებული ფირმების (შპს „ალმირა“, შპს „ნაგატინო“ და სხვ.) თანამფლობელი. მარინა ზენაიშვილი, რომელზეც ოთარი 30 წელია დაქორწინებულია, ადრე ფლობდა სავაჭრო სახლს, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელს ბათუმში. 2008 წლის 6 მაისს, აჭარაში „ვარდების რევოლუციის“ წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიხსნა სავაჭრო ცენტრი, რომელიც მარინა ზენაიშვილ-არშბას ეკუთვნის. ეს ცენტრი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
ირაკლი არშბა
არშბას ოჯახთან დაკავშირებულია ასევე ტურისტული ბიზნესი რუსეთსა და საქართველოში. კერძოდ, არშბას ნათესავები აკონტროლებენ მოსკოვის ტურისტულ სააგენტო "Apelsin Travel"-ს.
ოთარ არშბას ვაჟი, ირაკლი, ბათუმში ნამდვილი გმირია. მისი ქალაქში ყოველი ვიზიტის შემდეგ, იქ მოსკოვის ნომრებით აღჭურვილი ექსკლუზიური საერთაშორისო ავტოინდუსტრიის მორიგი სიახლის ფოტოები ჩნდება. აბა, სად ნახავთ კიდევ ტიუნინგირებულ Ferrari-ს ნომრით „Р007РР“.
ირაკლი ასევე ოჯახური ბიზნესის უშუალო მონაწილეა. მაგალითად, ერთ დროს ის ფლობდა 10%-იან წილს ბანკ „კრედიტ მოსკვაში“. (საბანკო წრეებში რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს თავად ოთარ არშბას ბანკი იყო). ირაკლიმ თავისი პაკეტი 2016 წლის ივლისში გაყიდა, ბანკისთვის ლიცენზიის გაუქმებამდე ერთი კვირით ადრე. ირაკლი არშბა არის შპს „ДЗМОБА“-ს დამფუძნებელი. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია ვახტანგ დვალი.
ოთარ არშბა ასევე ერთ დროს თავს წარმოაჩენდა, როგორც ადამიანი, რომელიც ადრე პირადად იცნობდა ვლადიმერ პუტინს.
რას საქმიანობს მილიარდერის რძალი თამარ ნემსიწვერიძე
ყოფილი მისი ახლა უკვე თამუნა არშბაა. როგორც ჩანს, წლებია რაც მეუღლის გვარი აირჩია. ის რუსეთსა და საქართველოში ცნობილი გალერისტია. ის გახლავთ ERTI Gallery-ის თანადამფუძნებელი, რომელიც 2015 წელს დააარსა მეგობართან ერთად. გალერეა მიზნად ისახავს ქართველი თანამედროვე ხელოვანების პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
თამარ ნემსიწვერიძე 2007 წელს ჩინეთში საქართველოს წარადგენს
თამუნა არშბა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო არტ-ღონისძიებებში, მათ შორის Art Dubai-ში, CosMoscow-ში და viennacontemporary-ში, სადაც ERTI Gallery-ის სახელით წარადგენს ქართველ ხელოვანებს. მისი კურატორობით გამართულ გამოფენებში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ხელოვანები, როგორებიც არიან უტა ბექაია, ლევან მინდიაშვილი, რუსუდან ხიზანიშვილი და გიორგი ჩხეიძე.
გარდა ამისა, თამუნა არშბა არის Window Project-ის თანადამფუძნებელი, რომელიც თავდაპირველად შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის ვიტრინით დაიწყო და 2019 წელს გაფართოვდა. ერთ-ერთ ინტერვიუში თამარ არშბა ჰყვება
- ხშირად ვამბობ, საქართველოში ცხოვრება თავისთავად გულისხმობს შემოქმედებას. სულ რაღაც ათი წლის წინ საქართველოს მხატვრებს ერთი არჩევანი ჰქონდათ: წასულიყვნენ საზღვარგარეთ და იქ განევითარებინათ სამხატვრო კარიერა, რადგან საქართველოში თანამედროვე ხელოვნების ბაზარზე ფიქრი უტოპიურ წარმოდგენად ითვლებოდა. ამიტომ ბევრი მხატვარი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, დღემდე მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ბევრი სამშობლოში დაბრუნდა. ჩვენ უკვე ვიხილეთ წარმატებული ახალი თაობის მხატვრები, რომელთა გამოფენებსაც ვაწყობთ: Window Project-მა ორჯერ გააკეთა გამოფენა „Crosscurrents“ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისა, რომელიც კახა ბენდუქიძემ დააარსა. ხელოვნების პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი ლოკომოტივია თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა (TAF), რომელიც ასევე კახა გველესიანმა დააარსა და 2018 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.
მეუღლესთან ერთად
Window Project არის თანამედროვე გალერეა თბილისში, საქართველოში, სადაც ნაჩვენებია ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები. გალერეა ძირითადად ორიენტირებულია ახალგაზრდა ქართველი მხატვრების პოპულარიზაციაზე, ასევე „დავიწყებული“ უფროსი თაობის ნამუშევრების ჩვენებაზე, რათა ხელი შეუწყოს წარსულსა და აწმყოს შორის დიალოგს.
ჩვენი მიზანია საერთაშორისო სცენაზე გასვლა, ანუ ქართველი მხატვრების მსოფლიოში წარდგენა. და მე ვფიქრობ, რომ ამისთვის მზად ვართ - გამოფენები, რომლებსაც ვაკეთებთ, შეესაბამება და კიდევ აღემატება ბევრ გალერეას, რომელიც ევროპაში არსებობს.