უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისის საჯარო სკოლებში არსებული სასადილოები აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაიცემა. შესაბამისად, სწორედ მოიჯარეები წყვეტენ, რა სახის საკვები გაყიდონ და რა ფასად. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, პრობლემაც სწორედ აქ არის. მოსწავლეთა მშობლების განმარტებით, სკოლის ბუფეტების უმრავლესობა ლამის რესტორნის ფასებით ვაჭრობს, გასაყიდად კი ძირითადად მშრალი საკვებია გამოტანილი - ხაჭაპურები, ლობიანები, ფუნთუშები, სოსისიანი პურები. გარდა ამისა, სკოლის სასადილოების დახლებზე უხვად არის სხვადსხვა სახის შოკოლადი, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, ჩიფსები, ე.წ. "სუხარიკები" და ა.შ. რაც შეეხება ფასებს, მშობლების თქმით, ზოგიერთ სკოლაში ფასები აშკარად განსხვავებულია თუნდაც სკოლის მიმდებარე მაღაზიებში არსებული ფასებისგან - სასმელი წყალი, რომელიც სხვაგან 50 თეთრი ღირს, სკოლაში ლარად იყიდება.
განსხვავება ფასებში თითქმის ყველა პროდუქტზე შესამჩნევია. აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებით, საკვების ფასები არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასებს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ რეგულაციას მოიჯარეები არ ითვალისწინებენ.
სკოლებში კვების საკითხი საერთაშორისო სტანდარტებს რომ არ შეესაბამება, ამას განათლების სამინისტროშიც ადასტურებენ. განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური აღნიშნავს, რომ სკოლებში კვებითი მომსახურების პროცესის შემოწმება უკვე მიმდინარეობს და მონიტორინგის შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
"განათლების სამინისტრო მუშაობს უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციაზე. დასრულებულია მუშაობა და ერთ-ერთი მიმართულება, ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმართულებით, არის უსაფრთხო და ჯანმრთელი კვება სკოლაში. ამ პროექტში ჩართული არიან როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. არის კომპლექსური ჯგუფი. მიმდინარეობს სკოლებში კვების პროცესების შემოწმება - როგორ ხდება მომარაგება, როგორ ხდება რეალიზაცია პროდუქტის, არის თუ არა ჯანმრთელი კვება, არის თუ არა სტანდარტებთან შესაბამისი, რა თქმა უნდა, დადგენილია როგორი საკვები შეიძლება იყოს სკოლებში და საერთოდ სკოლაში რას უნდა იღებდეს ბავშვი. შედეგი გვექნება ძალიან მალე, მონატორინგი დაიწყო სამი კვირაა, სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა სპეციფიკას სწავლობენ.
წინასწარი კვლევით და რეესტრით, სკოლებში შესულები არიან ძირითადად ინდმეწარმეები და ისინი სთავაზობენ სამწუხაროდ მშრალ კვებას, რაც, რა თქმა უნდა, არ არის საერთაშორისო სასკოლო კვების სტანდარტთან შესასაბამისი. რეაგირება ფასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. იმის შემდეგ, რაც შეიქმნება სტანდარტი, როგორი უნდა იყოს სკოლაში კვება, უკვე იმუშავებს სურსათის უვნებლობის სამსახური, შემოსავლების სამსახური, ფასები რამდენად არის მისაღები და ადექვატური იმ სეგმენტისთვის, რომელსაც ვთავაზობთ ამ საკვებს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ მონიტორინგს, სთავაზობს თუ არა სკოლა მოსწავლეებს ჯანმრთელ საკვებს",-აცხადებს გიგაური.
რაც შეეხება საკვების უვნებლობის ხარისხს, ამას სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიგა ქურდოვანიძე ამბობს, საკვების უვნებლობის თვალსაზრისით სკოლებში სიტუაცია საგანგაშო არ არის და მათი კონტროლი მუდმივად ხორციელდება. მისი ინფორმაციით, სკოლის სასადილოში საკვებით მასშტაბურად მოწამვლის ფაქტი 2011 წელს დაფიქსირდა.
"2011 წელს გვქონდა შემთხვევა, როდესაც სკოლაში შეტანილი იმერული ყველით ბავშვები მოიწამლნენ. მყისიერად მივიღეთ მაშინ გადაწყვეტილებები, მივაკვლიეთ, თუ რა იყო მიზეზი ბავშვების მოწამვლის. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ყველი. მიმწოდებელი საწარმოც შევამოწმეთ, სადაც აღმოჩნდა კრიტიკული დარღვევები. შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა და შეუჩერდა წარმოების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე. იმის შემდეგ ასეთი შემთხვევები არ გვქონია. 2013 წელი მთლიანად გამოვაცხადეთ, რომ იქნებოდა პრიორიტეტული საავშვო ბაღების, სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების კვების ბლოკები. სისტემატურად მიმდინარეობს შემოწმებები, განსაკუთრებული დარღვევები არ ყოფილა, გვქონდა გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელსაც გეგმიური ინსპექტირებისას ვაწვდიდით მათ, შემდეგ კი ხდებოდა გადამოწმება. ეს ისეთი შენიშვნები იყო, რაც საფრთხეს არ ქმნიდა ჯანმრთელობისთვის. ჩვენ არა მარტო იმ საკვებს ვამოწმებთ, რომელიც მზადდება, არამედ მოწმდება მთელი ჯაჭვი - საიდან მოდის ეს საკვები, ვინ არის შემომტანი, მომწოდებელი და ა.შ.",-აცხადებს ქურდოვანიძე.
მთავრობის დადგენილება, რომელიც სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის პირობებს განსაზღვრავს, 2010 წელს არის მიღებული. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სასადილოებში სანიტარიული ნორმები დაცული განათლების და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ნორმების შესაბამისად უნდა იყოს. მენიუ კი, ჯანსაღ, დაბალანსებულ საკვებს უნდა შეიცავდეს და უნდა შეთანხმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
ნუცა ახალკაცი, Ambebi.ge