წლების მანძილზე არაერთ ემიგრანტთან მისაუბრია, მაგრამ ისეთი მძიმე ამბავი, რასაც ამერიკაში მყოფმა 28 წლის თეონა გოგინაშვილმა მომიყვა, არ მსმენია. გარდა იმ სირთულეებისა, რაც უცხო ქვეყანაში გამგზავრებასა და იქ თავის დამკვიდრებას ახლავს თან, ჩემმა რესპონდენტმა საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილიც არაერთხელ გადაიტანა...
- ამერიკაში 2005 წლის თებერვალში გავემგზავრე, მაშინ 19 წლის ვიყავი. ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა და მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მქონდა, თუ რა რთული იქნებოდა ემიგრანტობა, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში მაინც გავემგზავრე. ეს ჩემთვის განსაკუთრებულად რთული და გულსატკენი იმიტომ იყო, რომ საქართველოში 2 წლის შვილი, მარიამი დავტოვე. ჯერ ერთი, არ ვიცოდი ინგლისური ენა, არც ის ვიცოდი, სად ვიცხოვრებდი, მოვძებნიდი თუ არა სასურველ სამსახურს. მინდოდა, მუშაობა ძიძად დამეწყო, მაგრამ ძალიან მიჭირდა იმაზე ფიქრიც კი, რომ სხვის შვილზე უნდა მეზრუნა მაშინ, როცა საკუთარი გოგონა დედაჩემის იმედად დავტოვე. ღმერთის წყალობით, გამიმართლა: ამერიკაში ჩამოსვლის დღიდან დედას ახლობლები გვერდში დამიდგნენ და ვიდრე ფეხზე მყარად არ დავდექი, მთელი სამი წლის განმავლობაში მათთან ვცხოვრობდი. საერთოდ, ამერიკაში ჩასულს, თუ არავინ დაგეხმარა, გზის გაკვალვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია... თავდაპირველად მუშაობა ძიძად დავიწყე. 4 ბავშვს ერთდროულად ვუვლიდი და 3-სართულიან სახლსაც ვალაგებდი. მას მერე არაერთი სამსახური გამოვიცვალე... ახლაც რამდენიმე ადგილას ვმუშაობ. დიდი სურვილი მაქვს, სამსახურს სწავლაც შევუთავსო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.
- ამერიკაში ალბათ ბევრი მეგობარი შეიძინე...
- აქ არა მარტო ქართველი, არამედ ბევრი ამერიკელი მეგობარიც შევიძინე. როცა პირადი ტრაგედია დამატყდა თავს, თითოეული მათგანი მხარში ამომიდგა. ამერიკაშიც ცხოვრობენ გულისხმიერი ქართველები, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც სხვისი ტანჯვა და ტკივილი სიამოვნებას ანიჭებს.
- ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები როგორ ერთობით?
- შაბათ-კვირას ბუნებაში გავდივართ ხოლმე. ამერიკაში არაერთი ქართული რესტორანია, რომლებსაც ხშირად ვსტუმრობთ. აქაურ მეგობრებთან ერთად გართობა რადიკალურად განსხვავებულია, რადგან ისინი ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. მათთან ერთად ბოულინგისა და ბილიარდის სათამაშოდ დავდივარ. ღმერთის წყალობით, ნამდვილად კარგი მეგობრები მყავს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ამდენ ტკივილს ვერ გავუძლებდი.
- შენი დიდი ტრაგედია სიყვარულის ლამაზი ამბით დაიწყო...
- 2008 წელს გავიცანი ადამიანი, რომელსაც ალბათ, მთელი ცხოვრება ველოდი. ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი, რომ დაქორწინება გადავწყვიტეთ. იმის გამო, რომ განათხოვარი და შვილიანი ვიყავი, პატარა დაბრკოლებები ნამდვილად გვქონდა, მაგრამ იმდენად ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი, რომ ჩვენს ურთიერთობაში ღრმად ჩარევა ვერავინ გაბედა. გურამს ჩემი მარიამი საკუთარი შვილივით უყვარდა. თუმცა, ისინი პირადად არასოდეს შეხვედრიან, მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობით შემოიფარგლებოდნენ. მაშინ ამერიკაში ორივე არალეგალურად ვიყავით. გადავწყვიტეთ, ქორწილი ერთ-ერთ ქართულ რესტორანში გადაგვეხადა. ჩემი ოჯახის წევრები ამ ყველაფერს "სკაიპით" უყურებდნენ. ულამაზესი ქორწილი გვქონდა. მერე კი ცხოვრება ტკბილად და იმედიანად დავიწყეთ. ვცდილობდით, ჩვენი საბუთები წესრიგში მოგვეყვანა და სამშობლოში დავბრუნებულიყავით, რომ ყველა ის ადამიანი გვენახა, ვინც ასე გვენატრებოდა. 2010 წელს მეორე გოგონა, ნუცა შემეძინა. გურამი ბავშვის მოვლაში ძალიან მეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული დღის რეჟიმი ჰქონდა, ღამეებს ჩემთან ერთად უთევდა ბავშვს. მერე გადავწყვიტეთ, რომ ნუცა საქართველოში, დედაჩემთან გამოგვეშვა. მინდოდა, მარიამს, ჩემი და გურამის მშობლებს ბავშვი გაეცნოთ, რამდენიმე თვეში კი ისევ ამერიკაში წავიყვანდით. შვილის საქართველოში გამოგზავნა ჩემთვის გულის მეორედ ამოგლეჯის ტოლფასი იყო. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ბავშვი მალე ისევ ჩემთან იქნებოდა... აეროპორტში ჩამეხუტა და ატირდა, ძლივს წაიყვანეს. დიდი ხნის განმავლობაში მესმოდა მისი ტირილი: დედა, ჩემთან მოდიო... ამ დღიდან ზუსტად ერთ თვეში, 30 ივნისს დიდი სიყვარული დავკარგე. ჩემი 29 წლის მეუღლე აბსოლუტურად მოულოდნელად გარდაიცვალა და სულ მარტო დავრჩი. აღარ ვიცოდი, თავი მომეკლა თუ არა. უბრალოდ, ჩემს შვილებს ვერ ვუღალატე. ემიგრანტობის გამო, საკუთარი მეუღლის დაკრძალვასაც ვერ დავესწარი. თვითონ მოვაგვარე მისი საქართველოში გადასვენების საკითხი და სამუდამოდ დავემშვიდობე. მერე თითქოს ჩემთვის დრო გაჩერდა...
- იმ პერიოდში მეუღლის დაკარგვა შენი ერთადერთი ტრაგედია არ ყოფილა...
- მართალია. როგორც უკვე გითხარით, ჩემი უფროსი ქალიშვილი დედაჩემმა გაზარდა, მერე ნუცაც მასთან გამოვუშვი. გურამის გარდაცვალებიდან 6 თვეში კი სრულიად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე დედა დამეღუპა. მართლა მეგონა, რომ ეს ცხოვრების დასასრული იყო. დედა ჩემთვის მხოლოდ მშობელი კი არა, ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემი სულის სიმშვიდე და ბედნიერება იყო. სულ ვეუბნებოდი, - შენ რომ რამე დაგემართოს, მეც მაშინვე მოვკვდები, რადგან შენზეა დამოკიდებული, ვისუნთქებ თუ არა-მეთქი. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, რომ 8 წელი ნანახი არ მყავდა. ვერ მოვასწარი მისი მოსიყვარულება. ჩემი მოუწესრიგებელი საბუთების გამო, დედის დასაფლავებასაც ვერ დავესწარი. საქართველოში რომ დავბრუნებულიყავი, ამერიკაში ვეღარ ჩამოვიდოდი, ჩემს ობოლ შვილებს კი ლუკმაპურის გარეშე ვერ დავტოვებდი. მალე ჩემი გამზრდელი ბებიაც დამეღუპა - შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა.
- არაერთ ემიგრანტთან ჩამიწერია ინტერვიუ, მაგრამ ასეთი მძიმე ამბავი არავისგან მსმენია. ჩემს რესპონდენტებს ხშირად ვუსვამ შეკითხვას, რომელიც შენც უნდა დაგისვა: რა მოგიტანა ემიგრანტობამ?
- ემიგრაციაში ყოფნამ მომიტანა ის, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს, ჩემი სულის ნაწილებს ბოლო სურვილიც კი ვერ შევუსრულე. ახლა, ყოველ დილით, მხოლოდ იმას ვთხოვ ღმერთს, რომ მალე მოვაწესრიგო საბუთები, რათა ჩემს შვილებსა და მამასთან მოვახერხო ჩასვლა. მამაჩემი 2 მცირეწლოვან ბავშვს გმირულად ჰპატრონობს. ახლა ისე მტკივა სული, რომ შვილებთან ყოფნის გარდა, აღარაფერი მინდა. ისინი კარგად უნდა აღვზარდო. მათ მე ვჭირდები. ემიგრაციაში ყოფნა ნიშნავს, რომ შენ უცხო ქვეყნის პატიმარი ხარ. როგორც უნდა დაგამცირონ, რა უბედურებაც უნდა შეგემთხვეს, იქიდან მაინც ვერ წახვალ, რადგან შვილებს შენი იქ ყოფნა სჭირდებათ... ემიგრანტს გენატრება ყველა და ყველაფერი, რაც მშობლიურ მიწა-წყალს გახსენებს.
ნათია ჟივიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)