ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ქართველმა მორაგბეებმა სამშობლო არაერთხელ ასახელეს. რამდენიმე წლის წინ საქართველოში რაგბის ქალთა ნაკრები ჩამოყალიბდა. ჩვენი რესპონდენტი მორაგბე ანია პოღოსიანია.
- ანია, რამდენი ხანია რაგბის თამაშობ და რატომ აირჩიე ეს სპორტი?
- რაგბის 2007 წლიდან ვთამაშობ. არჩევით არ ამირჩევია, შემთხვევით მოვხვდი. თავიდან ფეხბურთელი ვიყავი, მანამდე მძლეოსნობაზე დავდიოდი. ამ სპორტსაც ადვილად ავუღე ალღო, წესები შევისწავლე და თამაშიც გამომივიდა, წესები თუ არ იცი, ალღოს ვერ აუღებ. შემოთავაზება ზურა დუგლაძისგან მივიღე, სწორედ მან ჩაუყარა ქალთა რაგბის საფუძველი. ფეხბურთის ვარჯიშზე მნახა და მთხოვა, რაგბიზე მივსულიყავი, ხათრი ვერ გავუტეხე, მივედი და მოვიწამლე, რომ იტყვიან...
- ვიცი, რაგბიში ხშირია ტრავმები, წესები ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც ერთია?
- რა თქმა უნდა, ხშირია. ტრავმისგან არც კაცია დაზღვეული და არც ქალი. ჩვენ 15-კაცას არ ვთამაშობთ, "რაგბი 7"-ს ვთამაშობთ და 15-კაცასგან განსხვავებით უფრო დინამიკურია, სისწრაფე და ინდივიდუალური ტექნიკაა საჭირო, რადგან 100-მეტრიან მოედანზე 7-7-ზე ვთამაშობთ და სივრცე დიდია. სულ არ არის აუცილებელი ჯახი და ძალისმიერი შეჯახება, საჭიროა სივრცეების დანახვა და ამით სალელოვე მომენტების შექმნა.
- რამდენი ლელოა შენს ანგარიშზე?
- 2008 წელს ევროპის სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი, ზუსტად იმის დამსახურება იყო, რომ ბევრი ქულა მოვუტანე იმ ტურნირზე ჩემს გუნდს და სხვა წლებშიც შედეგიანად ვამთავრებდი ტურნირებს.
- რა პირობებში გიწევთ ქალ მორაგბეებს ვარჯიში საქართველოში? ანაზღაურება კარგი გაქვთ?
- სავარჯიშოდ არაჩვეულებრივი პირობები გვაქვს. საქართველოს სანაკრებო ბაზაზე ვვარჯიშობთ. ზამთარში გათბობაა, ცხელი წყალი და უამინდობის დროს პრობლემა არ გვექმნება. არაჩვეულებრივი ფიტნეს დარბაზია, აუზი, კარგი ანაზღაურება. სრულწლოვან გოგონას შემოსავალი თუ არ ექნება, ვერ დარჩება სპორტში, მოსამზადებელი პერიოდში გუნდის გარკვეულ ნაწილს ეხმარებიან ფინანსურად, რომ ჩამოვიდნენ რეგიონებიდან და თბილისში იცხოვრონ.
- სპორტის სამინისტროსგან ყურადღებას გრძნობთ?
- კი, მოსამზადებელ პერიოდს იანვრიდან ივლისამდე მთელი დატვირთვით გავდივართ, შეკრებები გვაქვს, სხვადასხვა ტურნირი - 2 ტურნირი ევროპამდე და მერე ევროპაში მივემგზავრებით. კარგი იქნება, შემოდგომაზეც თუ მივიღებთ მონაწილეობას რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე, თორემ ასეთი შესვენება ზაფხულიდან გაზაფხულამდე ძალიან დიდი პაუზაა და გამოდის, რომ წყალში იყრება ნაშრომი.
- რაგბის გარდა სხვა პროფესია გაქვს?
- ამავე სფეროში ვარ დასაქმებული, ვმსაჯობ ასევე რაგბის განვითარების ჯგუფში, თანაშემწედ ვმუშაობ. პირველი კატეგორიის მსაჯი ვარ, ა ლიგაში ვმსაჯობ, ბ ლიგასა და პირველ ლიგაში ცენტრის მსაჯი ვარ. ხოლო უმაღლესში მხოლოდ თანამსაჯის ადგილს ვითავსებ. სამართლიანი მსაჯი ვარ, ჩემი სურვილია, უფრო აქტიურად ჩაერთონ ქალები სპორტში.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)