ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფესბუქის საკუთარ გვერდზე 12 წლის მირზა ცეცხლაძის საზღვარგარეთ მკურნალობის სრულად დაფინანსებისთვის მთავრობას მადლობას უხდის.
"ცხოვრებაში პირველად (და იმედია არა უკანასკნელად) მადლობა, მთავრობავ!
ეს-ესაა ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მოკლე და ყველაზე შედეგიანი აქციიდან დავბრუნდი - რუსთაველზე, ჟურნალისტების აქციის მე-15 წუთზე ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მოვიდა და გვითხრა, რომ მთავრობა მირზა ცეცხლაძის ოპერაციისთის დარჩენილ თანხას დაფარავს. ბატონი მინისტრი სხვა ბავშვების დახმარებასაც დაგვპირდა. ჰოდა, კიდევ ერთხელ, მადლობა მთავრობავ - ჩვენ კი მომავალშიც დაგეხმარებით მსგავსი აქციებით. არც მოვდუნდებით და არც მოგადუნებთ:) ეს ერთობლივი შედეგია - მადლობა ჩვენს კოლეგებს ბათუმიდან, ჩოხატაურიდან, ახალციხიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, გურჯაანიდან... მთელი საქართველოდან. ძალა ერთობაშია!", - წერს გრძელიშვილი.
დღეს პარლამენტის შენობის წინ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ორგანიზებულ აქციაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა. ფონდის წევრები და ჟურნალისტები აქციაზე მთავრობას ლეიკემიით დაავადებული ბავშვების, კერძოდ კი მირზა ცეცხლაძის დახმარებისა და გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
აქციაზე ჯანდაცვის მინისტრიც მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს ამცნო, რომ 12 წლის მირზა ცეცხლაძის საზღვარგარეთ მკურნალობა სრულად დაფინანსდება.
მინისტრის თქმით, ასევე დაიწყება პროგრამა და მუშაობა იმაზე, რომ დაფინანსდეს კიდევ ერთი მოზარდის, გიორგი გაბედავას საზღვარგარეთ მკურნალობაც.
აქციის მონაწილეები მინისტრის განცხადებას ბავშვების დახმარებასთან დაკავშირებით ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ და მას მადლობა გადაუხადეს.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატი წარწერით - "შეასრულეთ მოვალეობა, გადაარჩინეთ ბავშვების სიცოცხლე".
ლეიკემიით დაავადებული 12 წლის მირზა ცეცხლაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი გადარჩენა მხოლოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. ფონდის ცნობით, თუკი 10 დღის განმავლობაში ვერონაში, იტალიაში, ბავშვის კლინიკაში გაგზავნა ვერ მოხერხდება, ის დაიღუპება. ჟურნალისტების ინფორმაციით, კლინიკა მოწვევას მხოლოდ მაშინ გამოგზავნის, როცა სამკურნალოდ საჭირო თანხა კლინიკის ანგარიშზე ჩაირიცხება, თანხა კი 100 000 ევროს შეადგენს. ოჯახს თანხის ნახევარი უკვე აქვს.
ასევე იხილეთ ვიდეო: 12 წლის მირზა ცეცხლაძის მკურნალობა დაფინანსდა - პროტესტმა შედეგი გამოიღო