პოლიტიკიდან კვლავ ჟურნალისტიკაში დაბრუნებულ ინგა გრიგოლიას შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რამდენიმე ტელევიზიიდან ჰქონდა, მაგრამ არჩევანი "პირველ არხზე" გააკეთა და ყველაფრის ახლიდან დაწყების არ ეშინია. პირად ცხოვრებაში ძალიან ბედნიერია, თუმცა დაოჯახებას არ გეგმავს.
- არჩევნების პერიოდი იყო, როდესაც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" თქვენი გვერდი გააუქმეთ.
- ყოველთვის ვიცოდი, რომ მაყურებლის 50% მაინც არსებობდა, რომელსაც არ უყვარდა და არ მოსწონდა ინგა გრიგოლია. ეს ნაწილი რადიკალური იყო შეფასებებში, მაგრამ ერთია, როცა შენს საქმიანობას აკრიტიკებენ და მეორეა იმ გინებისა და ლანძღვის კორიანტელი, რომელსაც ჩემს "ფეისბუქზე" ვკითხულობდი. მათთვის მიუღებელი იყო, რომ მე სხვა პარტიაში ვიყავი. ძალიან ბევრი ლანძღვა და გინება გადავიტანე. ბოლო დროს უკვე "ფეისბუქის" გახსნა აღარ მინდოდა. არ ვამტკიცებ, რომ ძლიერი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მაქვს სუსტი წერტილები. ერთ-ერთი სუსტი წერტილი ის აღმოჩნდა, რომ მე ვერ "გავქაჩე" და ვერ გავუძელი იმას, რომ ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო მაგინებდნენ. ერთ დღესაც გადავწყვიტე და გავაუქმე. კანდიდატურა რომ მოვხსენი, მას შემდეგ სულ ასე მხვდებიან ქუჩაში, რასაც ახლა თქვენ შეესწარით. ახლა მეუბნებიან, რა კარგია, თქვენი გადაცემა რომ გექნებათ და როგორ გვიყვარხართო. არადა, ზუსტად ეს ორი ქალბატონი იყო, არჩევნების წინ საკრებულოსთან ბოლო ხმაზე რომ მლანძღავდა ძირითადად იმის გამო, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ვიყავი. ლანძღვის მეორე მიზეზი იყო ის, რომ ჩემგან რაღაც დახმარებას ითხოვდნენ და ვეუბნებოდი, რომ მე მათთვის დახმარების გაწევა არ შემეძლო. ეს იწვევდა აგრესიას. ამ ყველაფრის გამო საერთოდ გავქრი "ფეისბუქიდან". ახლა, როგორც ვიცი, ჩემი სახელითა და გვარით არის რამდენიმე გვერდი დარეგისტრირებული, მაგრამ ჩემი არც ერთი არაა.
- წყალმომარაგების პრესმდივნად რომ დაინიშნეთ, ამ ინფორმაციის გაჟღერებას ხალხის კომენტარები მოჰყვა, ქრისტიან-დემოკრატები არ იყვნენ, მოსახლეობას წყალს 10 თეთრად რომ ჰპირდებოდნენო...
- პრესკონსულტანტობით კანონს არ ვარღვევ. არ მიკავია არანაირი ადმინისტრაციული თანამდებობა. გადაცემაში ჩემი მთავარი თემა რეგიონები იქნება. რეგიონებში ხალხის ერთ-ერთი პრობლემა კი სწორედ წყალმომარაგების თემაა და გაძლევთ პირობას, რომ ბევრჯერ ნახავთ ჩემს გადაცემაში უბრალო, რიგით ადამიანებს. გლეხებს, რომლებიც მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან წყლის თუ სხვა პრობლემების გამო. ერთი სამსახური მეორეს ხელს არ უშლის. დღესაც მიმაჩნია, რომ თბილისელებისთვის შეთავაზებული ქდმ-ს პროგრამის განხორციელება სავსებით შესაძლებელი იყო. ერთი წამით არ წავიღებ უკან ჩემს მაშინდელ მოსაზრებას.
- პოლიტიკაში რას ვერ გაუძელით?
- იმ გაუთავებელი ცილისწამების მოსმენას, რაც ჩემს პარტიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. პოლიტიკიდან რომ წამოვედი, ბევრ პოლიტიკოსს ვუთხარი, მათ შორის იყო შალვა ნათელაშვილი, ღმერთო ჩემო, რა მანიაკები ხართ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ ყველაფერს უძლებთ-მეთქი. დღეს ვარ ბედნიერი და დასვენებული და პოლიტიკიდან წამოსვლის გადაწყვეტილება სწორად მიმაჩნია. შეცდომა მომივიდა და ამ შეცდომის გამოსწორებას დიდი დრო მოვანდომე. ჯერ კიდევ მაია ასათიანის გადაცემაში, როცა არანაირი პოლიტიკური მოძრაობა არ იყო დაწყებული, ვთქვი, სულ მალე, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ტელევიზიას დავუბრუნდები-მეთქი. ჩემი პროგნოზით, არჩევნების შემდეგ სიტუაცია ისე შეიცვლებოდა, რომ სააკაშვილი ვეღარ გადამიწყვეტდა, ვყოფილიყავი თუ არა ტელევიზიაში. ძალიან მიხარია, რომ ეს პროგნოზი გამართლდა. ტელევიზიას ჩემს შვილზე წინ ვაყენებდი. ცუდია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემს გადაცემებზე მუშაობისას ღამეები გამითენებია სამსახურში და სახლში არ მივსულვარ. ეს რომ დავთმე და პოლიტიკაში წავედი, შემეშალა, მაგრამ რა ვქნა, შემეშალა და ამით არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია.
- რას ურჩევდით ჟურნალისტებს პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით?
- ეს ყველას პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ისე გიყვარს ჟურნალისტიკა და ისე აბოდებ, როგორც მე მიყვარდა, არასოდეს არ უნდა დათმო. როდესაც "პოლიტიკური კვირა" დაიხურა "პირველ არხზე", მაშინ სრულიად გიჟი ვიყავი. გადაცემა მეექვსედ დამიხურეს. ახლა ვხვდები, არასოდეს უნდა გაემიჯნო იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს. მოკლედ, ტელევიზია ჩემთვის სიცოცხლეა და ვფიქრობ, როცა დავბრუნდები, მაყურებელს არ გავაწბილებ. რაც შეეხება კომენტარებს, რომლებიც მოჰყვება ხოლმე ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მივეჩვიე. საერთოდ, გავემიჯნე თემას, რომელსაც ჰქვია პოლიტიკა. აღარ მგონია, როდისმე კიდევ ისე გავგიჟდე, რომ სურვილი გამიჩნდეს, რომელიმე პარტიაში შევიდე. ძალიან ცუდი რამ გავუკეთე ჩემს თავს იმით, რომ ეთერში აღარ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრჯერ მქონია მძიმე პერიოდი, ასეთი მძიმე პერიოდი, რაც ორწელიწად-ნახევარში გამოვიარე, არ მქონია. ძალიან მენატრებოდა ჩემი საქმე, თუმცა ამორალურად მიმაჩნდა, წინა დღეს საარჩევნო კამპანიაში ჩართულს, მეორე დღესვე დამეწყო რაიმე გადაცემა. რვა თვე გავიდა და ახლა უკვე მშვიდად შევუდგები ჩემს საქმეს.
- ძალიან დიდი კონკურენცია იქნება.
- წლების წინ, როდესაც ჩემი გადაცემები დავიწყე, დიდი კონკურენცია იყო. მაშინ არ შემშინებია კონკურენციის და დღეს არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. კონკურენცია კარგია.
- როგორც წესი, ამ პერიოდში სატელევიზიო სეზონი მთავრდება ხოლმე.
- საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ახლა ისეთი ცხელია, რომ ზაფხულის მოსვლა გადაცემის ეთერში გასვლას ვერ შეუშლის ხელს. მზად ვარ და მთელი ზაფხული ვიმუშავებ. შემოდგომიდან კი საპრეზიდენტო არჩევნები იწყება და მე ვვარაუდობ და, რასაკვირველია, რესპონდენტებსაც შევთავაზებ, ერთ-ერთი მთავარი პლაცდარმი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩემი გადაცემა იყოს. არ მგონია, ვინმემ უარი თქვას. ყველა ჩემს რესპონდენტს შევხვდი, მათ შორის ყველაზე სკანდალურ კახა ბენდუქიძეს, ვესაუბრე ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ალასანიას, მოკლედ, მთელ პოლიტიკურ სპექტრთან მქონდა შეხვედრა. მათ ჩემი პროექტი გავაცანი, სამომავლო თანამშრომლობა შევთავაზე და არც ერთი მათგანისგან არ მიგრძნია, რომ არ გაუხარდათ ჩემი ეთერში დაბრუნება. მათ გამოთქვეს ჩემთან თანამშრომლობის სურვილი. თანამშრომლობა არ ნიშნავს, რომ სხვანაირი ინგა გრიგოლია ვიქნები. ვიქნები ისეთივე ინგა, როგორიც ადრე ვიყავი. ჩემი ლექსიკონიდან მხოლოდ ერთი სიტყვა - ამბობენ, ამოვარდება. იმედია, არ წამომცდება საუბარში, თუ ასე მოხდება, მერე შეგიძლიათ შემახსენოთ. არასოდეს დაუსაბუთებელი და ზუსტი ინფორმაციის გარეშე ჩემს რესპონდენტს კითხვას არ დავუსვამ.