თსუ-ის II კორპუსში დაშავებულ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა მამაგულიშვილმა განუცხადა, დაშავებულ გოგონას გამოკვლევა ჩაუტარდა. შესაძლოა მას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდეს. მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის ტრავმა მიიღო სტუდენტმა.
მამაგულიშვილის თქმით, სტუდენტის დაშავების მიზეზი და დეტალები უცნობია. უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე სტუდენტს პირველადი დახმარება სასწავლებლის ექიმმა აღმოუჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტი გოგონა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მეორე სართულიდან გადავარდა და დაშავდა. მომხდარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია. ადგილზე პოლიცია მუშაობდა.