კანადელ პოპ-მომღერალ ჯასტინ ბიბერს ანა ფრანკის ხსოვნის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. მომღერალმა ამსტერდამში, ანა ფრანკის მუზეუმის შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მუზეუმმა Facebook-ის საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 წლის მომღერალი ევროპაში გასტროლების დროს, 12 აპრილს ანა ფრანკის სახლს მეგობრებთან და მცველთან ერთად ესტუმრა, სადაც შთაბეჭდილებების წინგში დაწერა: "საოცარია აქ ყოფნა, ანა შესანიშნავი გოგონა იყო, იმედი მაქვს, იგი ბელიბერი (belieber - ჯასტინ ბიბერის ფანი) იქნებოდა".
ბიბერის ჩანაწერმა სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია. მომღერალი "სიდებილეში" და "ისტორიის უპატივცემულობაში" დაადანაშაულეს. ამასთან, მომღერლის თაყვანისმცემლებმა მას მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ ანა ფრანკი მის შემოქმედებას აუცილებლად შეიყვარებდა.
ჯასტინ ბიბერის წარმომადგენლებს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ანა ფრანკი 1929 წელს გერმანიაში დაიბადა. როდესაც ებრაელების დევნა დაიწყეს, იგი ოჯახთან ერთად ნიდერლანდებში გადავიდა. 1942 წლიდან ფრანკის ოჯახის წევრები ნაცისტებს ამსტერდამის სახლის საიდუმლო ოთახებში ემალებოდნენ. 1944 წელს ისინი იპოვეს. "თავშესაფრის" ბინადრები საკონცენტრაციო ბანაკებში გაუშვეს. ცოცხალი მხოლოდ გოგონას მამა, ოტო ფრანკი გადარჩა.
"თავშესაფარში" ყოფნის დროს ანა დღიურს წერდა, რომელშიც საკუთარი ცხოვრება აღწერა. დაპატიმრების შემდეგ დღიური ოჯახის მეგობარმა შეინახა და შემდგომში ანას მამას გადასცა. დღიური პირველად 1947 წელს გამოაქვეყნეს. იგი 60-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.