ფრანგული ფეხსაცმლის მოდის სახლმა "კრისტიან ლუბუტენმა" წითელძირიანი ფეხსაცმელი დაიკანონა. ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფეხსაცმლის წითელი ძირი რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს.
სასამართლომ ნიუ-იორკის მოსამართლის, ვიქტორ მარეროს მიერ ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელშიც "კრისტიან ლუბუტენს" ფრანგული მოდის სახლ "ივ სენ-ლორანის" წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. "ლუბუტენი" ირწმუნებოდა, რომ მისმა კონკურენტმა აქსესუარის საფირმო ძირი მოიპარა. მოსამართლე კი ამბობდა, რომ მოდის ინდუსტრიაში არავის უნდა ჰქონდეს რომელიმე ფერის სავაჭრო ნიშნად გამოყენების უფლება.
ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ კი ჩათვალა, რომ წითელი ძირი შეიძლება "სიმბოლო იყოს, რომელიც სავაჭრო ნიშნის სახით დაცვას ექვემდებარება". მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კონტრასტული ფერის ძირიან ფეხსაცმელებზე ვრცელდება. ამგვარად, "ივ სენ ლორანს" წითელი წითელძირიანი ფეხსაცმლის წარმოების გაგრძელება შეუძლია.
ფეხსაცმლის წითელი ძირების იდეა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის წყალობით გაჩნდა. ერთხელ, ჩვენების დროს, ლუბუტენმა იგრძნო, რომ ფეხსაცმლის წარმოდგენილ მოდელს რაღაც აკლდა - სწორედ ამ დროს მისი ერთ-ერთი თანამშრომლის ხელში ფრჩხილის წითელი ლაქი შენიშნა. მან წარმოიდგინა, რომ წითელი ლაქი ფეხსაცმლის ძირს მოუხდებოდა.
დღეს ფრანგი დიზაინერის ფეხსაცმელმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მას შოუ-ბიზნესის მრავალი წარმომადგენელი ატარებს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.