ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, ინტერპოლმა რუსეთში დააკავა.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ახლა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ალი გუსეინოვს, ისიც საერთაშორისო ძებნაშია და ამ ეტაპისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
„როგორც კი პატიმრობა შეეფარდა, ორივე ბრალდებულის მიმართ ძებნა მაშინვე გამოცხადდა როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი პაპაშვილი დაკავებულია რუსეთის ფედერაციაში კონკრეტულად ინტერპოლის მიერ. ეს პროცესი ზოგადად დახურულია, შესაბამისად, დეტალებს ვერ შევეხები. ამ ეტაპზე მის მიმართ ექსტრადიციის საკითხია დაწყებული და სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ხდება.
როგორც გიორგი პაპაშვილის, ასევე მეორე ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა, ამ ეტაპზე მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ვიცით, რომ საქართველოდან თურქეთში გადავიდა“,- განაცხადა ვეფხვაძემ.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე მოცულობითია და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებისა და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
ადვოკატის თქმით, პაპაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
„არსებული ინფორმაციით, რომელიც მისი ოჯახისგან მივიღე, გიორგი პაპაშვილი თავად გამოცხადდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიებში, სადაც თავდაპირველად, გარკვეული გაუგებრობაც შეიქმნა, რადგან მათ ამ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოში გაგზავნა მოსთხოვა. მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და ვერ წყვეტდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, მოითხოვეს, მათ ოჯახს ბილეთი გაეგზავნათ, რაც გააკეთეს, თუმცა, შემდეგ შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ მათი ნორმატიული აქტიდან გამომდინარე, ეს ასე მალე ვერ მოხდებოდა. იქ ადვოკატი დაენიშნა.
სამართალდამცავ ორგანოებში თვითონ გამოცხადდა, რაზეც მეტყველებს ის, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ოჯახთან 2-დღიანი უწყვეტი კომუნიკაცია ჰქონდა და საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა, ბილეთი გაგზავნილია იქაურ საზოგადოებრივ ადვოკატთან“, - განაცხადა ხურციძემ.
კითხვაზე, თუკი ჩაბარებას აპირებდა, რატომ გაიქცა ქვეყნიდან, ადვოკატი პასუხობს, რომ მასთან კავშირი არ აქვს.
„მასთან საუბარი არ მქონია, ის მხოლოდ მის ოჯახის წევრებს ენდობა, თუმცა, მისგან დათქმა არის, როცა ჩამოვა, საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს ნათელს მოჰფენს. აღიარებს თუ არა ბრალდებას, ეს ჩემთვის უცნობია, მასთან კავშირი არ მაქვს, მოულოდნელად გამოჩნდა და საქმის კურსში ოჯახის წევრები ჩააყენა, თავად გადაწყვიტა ჩაბარება“, - განაცხადა ხურციძემ.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა 3 პირის დაკავება შეძლეს.
მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით მოკლულის მეგობრები არიან დაკავებული, რომლებიც ასევე მისი თანამშრომლები იყვნენ დააკავეს.
ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ბაირამ ალი გუსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.
იხილეთ ასევე: