The Sunday Times-ის გამოცემის ინფორმაციით, რუსული საჯაშუშო სენსორები დიდი ბრიტანეთის ატომურ წყალქვეშა ნავებს თვალს ადევნებენ. იმის მიუხედავად, რომ ბრიტანელი სამხედრო ოფიცრები ამას ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად მიიჩნევენ, საგანგაშო ინფორმაცია საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო.
“ახლა ბრიტანელი სამხედროები შიშობენ, რომ მოწყობილობები, რომლებიც სამეფო საზღვაო ძალებმა მიმდებარე წყლებში აღმოაჩინეს, კრემლმა ბრიტანეთის ინფრასტრუქტურის მონიტორინგისა და პოტენციური საბოტაჟისთვის დაამონტაჟა,“- იტყობინება The Sunday Times.
ბრიტანელი მაღალჩინოსნები თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინი საიდუმლო მისიას ხელმძღვანელობს, რომელიც მიზანში ამოიღებს კაბელებს, მილსადენებს და წყალქვეშა აქტივებს.
სამხედროებმა ზღვის ფსკერზე ჩამალულ სენსორებთან ერთად ასევე აღმოაჩინეს ჯაშუშური აღჭურვილობა, რომელიც ბრიტანეთის სანაპიროებზე გამოირიყა. არა მხოლოდ ეს, მათ ზღვის ფსკერზე საკომუნიკაციო კაბელების მახლობლად რუსული უპილოტო მანქანებიც იპოვეს, რომელთაგან თერთმეტი ბალტიის ზღვაში ბოლო 15 თვეში დაზიანდა.
თავდაცვის სამინისტრომ ასევე მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსი ოლიგარქების კუთვნილი სუპერიახტები წყალქვეშა ცდების ჩასატარებლად იყო განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის წყლებში რუსული გემების არსებობა არახალია, მთავრობა ცდილობს, რომ სამხედროებს წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმაროს. ამისთვის, ის ტექნოლოგიურ და ენერგეტიკულ კომპანიებს აფინანსებს.
რუსეთის გააქტიურებას საზღვაო ძალებიც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მთავრობამ საზღვაო ნაღმები უნდა განათავსოს, ეს კი მათ ცივი ომის დასრულების შემდეგ არ განუხორციელებიათ.
"ნატოსა და გაერთიანებული საექსპედიციო ძალების მხარდაჭერით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსულმა გემებმა და თვითმფრინავებმა ვერ შეძლონ ჯაშუშური მოქმედებების განხორციელება გაერთიანებული სამეფოს ან ნატოს ტერიტორიის მახლობლად. ამისთვის ვიყენებთ ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს და კოორდინირებას ვუწევთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად პატრულირებას. ჩვენს ბირთვულ შემაკავებელ სისტემას კი ბოლო 56 წლის მანძილზე ვამუშავებთ და ახლაც განაგრძობს ის პატრულირებას", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გამოცემასთან საუბარში.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა