კომპანია General Mortors-ის ყველაზე კომერციულ ბრენდ Chevrolet-ს, ევროპულ ბაზარზე საკუთარი გეგმები აქვს და პოზიციების გასამყარებლად, აქ ახალი პროდუქტის, ხუთკარიან ჰეჩბეკ "კრუზის" შეტანას აპირებს.
კომპანიის მარკეტოლოგების აზრით, ამ მოდელის დახმარებით, "შევროლე" ევროპის ბაზრის ძირითად მოთამაშეებს შორის დაიმკვიდრებს ადგილს და კონკურენციას გაუწევს ამ სეგმენტზე სუპერპოპულარულ მოდელს Volkswagen GOLF-ს.
კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ჰეჩბეკი "კრუზი" იმ საფასო სეგმენტში ჩაჯდება, რომელიც "შევროლეს" შეესაბამება. ანუ მას ხელმისაწვდომი ფასი ექნება.
Chevrolet Cruze "ჯენერალ მოტორსის" Lambda პლატფორმაზეა აგებული, რომელზეც ასევე აწყობენ პოპულარულ Opel Astra-ს. ავტომობილს საკმაოდ დიდი საბარგული აქვს, რომლის მოცულობაც 400 ლიტრია. უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი მოცულობა უფრო იზრდება.
Cruze-სთვის ძრავების ფართო გამაა გათვალისწინებული. ესაა ბენზინის 1.6 და 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატები. ტოპ-ვერსია კი 2.0-ლიტრიანი დიზელით აღიჭურვება, რომელიც 150 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაწყვილებული. ამ ავტომობილის ევროპული პრემიერა მარტში, ჟენევის ავტო-შოუზე გაიმართება.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა".