2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა - ის საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. საქართველომ რუსეთს დავა პირწმინდად მოუგო.
იმ უამრავ დაზარალებულს შორის, რომელებიც ამდენი წელია სტრასბურგის გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელოდნენ, ქალბატონი თამარ უნაფქოშვილია. მისმა ოჯახმა აგვისტოს ომის დროს უდიდესი ტრაგედია განიცადა. დაბომბვას მისი 62 წლის დედა, დოდო მარიამიძე - უნაქფოშვილი და მეზობლად მცხოვრები 11 ადამიანი ემსხვერპლა. კასეტური ბომბი მათ საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამიტომ დღევანდელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ემოციურადაც მძიმე აღმოჩნდა მისთვის.
თამარ უნაფქოშვილი:
- მადლობა უფალს, გულისფანცქალით ველოდით ამ დღეს. მთელ საქართველოს ვულოცავ. ამდენი წელი გავიდა იმ უმძიმესი დღეებიდან, მაგრამ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ამდენი წელი ველოდით როდის დადგებოდა ეს ნანატრი დღე და როდის დადასტურდებოდა რუსეთის არაადამიანური ქმედებება. ჩვენ ორი მუხლით ვდაობთ, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ქონებრივი საკითხები. იმ საბედისწერო დღეს 62 წლის დედა გარდამეცვალა. გორის რაიონის სოფელი კარბში ვცხოვრობთ, ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, და დილის 5 საათი იქნებოდა, როცა ეს უბედურება მოხდა. დედა სახლში მარტო იყო, ახალი ჩაძინებული. შუაღამეს სახლიდან ჩემმა მეუღლემ ბავშვი წამოიყვანა თბილისში და შინ მარტო დედაჩემი დარჩა, რომელიც ახალი ნაოპერაციევი გახლდათ, მანამდე თბილისში გვყავდა, მაგრამ მაინც წავიდა სოფელში და მერე დაიწყო ეს ამბები.
ძალიან ვთხოვდით წამოსულიყო ისიც, მაგრამ არ დაგვთანხმდა, თუმცა ასეთ ტრაგედიას რას წარმოვიდგენდით. გვეგონა, ყველაფერი მალე დამთარდებოდა...
ამდენი წლის შემდეგაც დგას იქ ჩვენი დაბომბილი სახლი, ისევ ისე ხელუხლებელია. არაერთი სიუჟეტი გავიდა ომის თემაზე და ძალიან ხშირად ჩვენს სახლს აჩვენებენ. ალბათ 2 საათის ჩამოსულები იყვნენ თბილისში ჩემი ქმარ-შვილი, მეუღლე ისევ უკან გაბრუნდა და დაგვირეკეს, რაც მოხდა. ჩემი მეუღლე გორში რომ შევიდა, უკვე გორიც იმბომბებოდა. მეზობლებს სასწრაფო ჰყავდათ გამოძახებული და დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გზაში დალია სული - დაფლეთილი ჰქონდა მთელი სხეული. იმ კასეტური ბომბის ნამსხვრევები მიმდებარედ გაიფანტა და მეზობლად მცხოვრები 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სულ 12 ადმიანი დაიღუპა იმ ბომბით.
ამასთანავე, რაც კი რამე გვქონდა გაშენებული, ყველაფერი გაპარტახდა. ბაღები გვქონდა. წარმოუდგენელია იმის გადმოცემა, რაც ჩვენ გადავიტანეთ. ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. ჩემს მეუღლეს ევროპაში მოუწია სამუშაოდ წასვლა და ნელ-ნელა ახლიდან ავაწყვეთ ცხოვრება.
- სარჩელი იმავე წელს შეიტანეთ?
- დიახ, მაშინვე შევიტანეთ სარჩელი და ამაში ძალიან დაგვეხმარა "კონსტიტუციის 42 მუხლი", უდიდესი შრომა გასწიეს, კარდაკარ დადიოდნენ და ეხმარებოდნენ ადამიანებს. მას მერე ამდენი წელი გავიდა და ველოდით გადაწყვეტილებას. მადლობა ღმერთს რომ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდა ყველაფერი, ამის მერე დაიწყება უკვე ჩვენი ინდივიდუალური სარჩელების ცალკე განხილვა.
- გაქვთ მოლოდინი, რომ რუსეთი ამ ზარალს აანაზრაურებს და კომპენსაციებს გადაგიხდით?
- ვიცი, რომ რუსეთი ამის აღმსრულებელი არ არის, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ხომ საჯაროდ დადასტურდა, რასაც წარმოადგენს ეს ქვეყანა. სტრასბურგმა რომ ეს თქვა, თითოეული ჩვენთაგანისთვის დიდი გამარჯვებაა ამხელა ტრაგედიის და ტკივილის მერე.