ავტორი:

"ინფიცირებულთა გუშინდელი და დღევანდელი მატება შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული" - რა პროგნოზს აკეთებს ამირან გამყრელიძე

"ინფიცირებულთა გუშინდელი და დღევანდელი მატება შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული" - რა პროგნოზს აკეთებს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, რაც ბოლო ორ დღეში ფიქსირდება, შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული.

მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი ახლაც და მანამდეც ქვეყანაში ყველაზე დაზიანებულ ადგილად მიიჩნეოდა.

„გუშინდელი და დღევანდელი მატების შედეგები არ არის შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული. მუშევანი გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში და ველოდებოდით, რომ გვექნებოდა დამატებითი შემთხვევები. ამიტომ, პარასკევს თითქმის სრულად მოსახლეობა გამოვიკვლიეთ და დამატებით 18 შემთხვევა იყო იდენტიფიცრებული. ამავე დროს, საბურთალოს ე.წ. კლასტერი არის ყველა კონტაქტი ინფიცირებულთან და ეს ინფიცირებული გახლდათ ჩვენი კოლეგა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია, მაგრამ, მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, დღეს ინფიცირებულთა რიცხვის 26-ით მომატება პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

„ზოგადად, შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევათა რაოდენობის მატება. ალბათ, მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს. თუნდაც დღეს, ახალი შემთხვევების 26 რიცხვით მომატება პანიკის არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან ყველა ეს შემთხვევა კონტროლქვეშაა. ვიცით, თითოეული კონტაქტი, ვახდენთ თითოეულის სწრაფ იზოლირებას, მკურნალობას და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას. რა თქმა უნდა, შემსუბუქების პროცესის დროს მოსალოდნელია, იყოს ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ქვეყანაში პროცესები მართვადია და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ სულ უფრო და უფრო ახალი ჯგუფების ტესტირებას ვაპირებთ, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ პრევენცია და დროული იდენტიფიცირება, თუ კორონავირუსზე დადებითი შემთხვევა არის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, „საბურთალოს კლასტერიდან“ ადამიანების ნაწილი გამოკვლევებისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ხოლო ნაწილი- კარანტინში იმყოფება.

„თუ ადამიანი თვითიზოლაციაში არის, მისი გარეთ გასვლა წარმოუდგენელია. ეს კონტროლდება და უნდა კონტროლდებოდეს. „საბურთალოს კლასტერიდან“ დიდი ნაწილი - 15 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში და 30 კარანტინში. ასევე, „საბურთალოს კლასტერიდან“ 20 ადამიანი დამატებითი კვლევებისთვის არის გადაყვანილი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში ჯერ დადგენილი არ არის, ისინი ვირუსზე პოზიტიურები არიან თუ არა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრია