აშშ-ში შესვლა იმ მოქალაქეებსაც შეეზღუდათ, რომლებიც ბოლო 14 დღის მანძილზე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში არიან ნამყოფი, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ აღნიშნული ქვეყნების მიმართულებით და პირიქით, ავიამიმოსვლას არ წყვეტს და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ შეეხება აშშ-ის მოქალაქეებსა და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შენგენის ზონის 26 სახელმწიფოსთვის დაწესებული შეზღუდვები ძალაში შაბათს შევიდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უცხოეთის იმ მოქალაქეებს, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.
კორონავირუსის გამო საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ საფრანგეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ გაზრდის სოციალურ დისტანციას.
პრესკონფერენციაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ შაბათს გვიან ღამით ყველა ადგილის დაკეტვა დაიწყება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მათ შორის რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები და ღამის კლუბები.
”ბაზრები და კვების ობიექტები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები, გაზეთები და თამბაქოს მაღაზიები დარჩება ღია”, - აღნიშნა მან.
პრემიერის განცხადებით, ღია იქნება რელიგიური ორგანიზაციები, თუმცა რელიგიური ცერემონიები და შეკრებები გადაიდება.
"ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც უყვარს შეკრებები, მხიარული ხალხი. ხალხი, რომელსაც ერთად ცხოვრება უყვარს... შესაძლოა, კიდევ უფრო მეტადაც კი, როდესაც შიში ვრცელდება.
ვხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს კაფეებსა და რესტორნებში. ჩვეულებრივ დროს ეს სიამოვნებას მანიჭებდა, რადგან ეს არის საფრანგეთი, რომელიც ყველას გვიყვარს.... მაგრამ მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე, ეს არ არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ”, - დასძინა ფილიპმა.
კორონავირუსის გამო, საზოგადოება ვერ შეძლებს ვატიკანის სააღდგომო მესას და კვირის ღონისძიებებს დაესწროს, - ამის შესახებ ვატიკანის განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
წმინდა კვირის ღონისძიებები მოიცავს ხუთშაბათს ტრადიციულად ფეხთბანვის რიტუალს, კოლიზეუმში პარასკევის "ჯვრის გზას" და აღდგომის კვირის მესას.
რომის პაპმა ლოცვების ონლაინ რეჟიმში ჩატარება 12 აპრილამდე გაახანგრძლივა.
ცნობისთვის, ვატიკანმა მიმდინარე კვირაში ასევე დახურა ტურისტებისთვის წმინდა პეტრეს მოედანი და წმინდა პეტრეს ბაზილიკა. ასევე აპრილამდე დაიკეტა მუზეუმები.
ვატიკანში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა არის დადასტურებული.
კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ჩასულმა ყველა მგზავრმა 14 დღით თვითიზოლაციის წესები უნდა დაიცვას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეპიდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის ფარგლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 30 დღის განმავლობაში ავსტრალიის პორტებში გაჩერება აეკრძალათ უცხოურ საკრუიზო ლაინერებსაც. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე სკოლები არ იხურება.
ავსტრალიაში კორონავირუსის 250-მდე დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 3 ადამიანი.