თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე ოთხოთახიან ბინაში მეუღლე თეკლა კოსტავასა და 2 წლის ქალიშვილ სესილიასთან ერთად ცხოვრობს... ულამაზეს ჭრელ, საზაფხულო კაბაში გამოწყობილმა სესილიამ მშობლებთან ერთად გვიმასპინძლა, მათ გვერდით, თავის პატარა სკამზე მოკალათდა და "შინისთვის" ფოტოებიც გადაიღო...
- ეს ბინა დიდი ხანია გვაქვს და როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტე, ჩემი გემოვნებით გავარემონტე და მოვაწყვე. დიზაინერი არ მყოლია. საერთოდ, რეტრო სტილი მიყვარს. ჩემთვის სახლი სიწყნარესა და სიმშვიდესთან ასოცირდება, ამიტომაც კედლები სადაა, მაქვს ბევრი ნახატი, რომლებიც კარგ განწყობაზე მაყენებს და დადებითი ემოციით მავსებს. ავეჯიც ჩემი არჩეულია. ხის სავარძლები და ვინტაჟის სტილში გაკეთებული კარადა ბორჯომში წასაღებად ვიყიდე, მაგრამ თეკლა ცოლად რომ მოვიყვანე, მოეწონა და გადავწყვიტეთ, თბილისში დაგვეტოვებინა. ძველმოდურია და კარგ განწყობას მიქმნის.
- რა არის აუცილებელი პირობა, რაც მუშაობისგან გადაღლილს შინ უნდა გხვდებოდეს?
- სიმშვიდე. შინ ათი წუთით რომ დაჯდე და დაისვენო, სულ სხვა ენერგიით ივსები. ასეთივე დამოკიდებულება მაქვს საწოლის მიმართ. არიან ადამიანები, რომლებიც იმდენად არიან შეჩვეული საკუთარ ლოგინს, სხვაგან დარჩენა და ძილი არ შეუძლიათ. მეც ასე ვარ, ჩემი სიმშვიდე და მყუდროება ყველაფერს მირჩევნია. მართლაც მშვენიერი სიტყვაა "სიმყუდროვე".
- როგორც ჩანს, ასეთივე დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ნახატებს...
- დიახ, ნახატს შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს როგორც სახლის გარემოზე, ისე პიროვნებაზე. თუ შესანიშნავი მხატვარი მეგობრები გყავს, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს გჩუქნიან, ეს ხომ კიდევ ერთი ფუფუნებაა. ახლახან ქალბატონმა მედეა კეიდიამ მაჩუქა თავისი არაჩვეულებრივი "ანგელოზები". ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახის უახლოესი ადამიანი ზურა გომელაური, შინ მისი ნამუშევარიც მაქვს.