"ოჯახი ორი წლის წინ შევქმენი, მაგრამ რატომღაც შვილი არ მიჩნდება. ამის გამო მეუღლის ნათესავები უკვე ბერწად მთვლიან და ამრეზით მიყურებენ. ქმრისგან საყვედური ჯერ არ გამიგია, მაგრამ ვამჩნევ, რომ მალე ისიც მათ აზრს გაიზიარებს. რამდენჯერმე ვუთხარი - ერთად მივიდეთ ექიმთან და გავარკვიოთ, შვილი რატომ არ გვიჩნდება-მეთქი, მაგრამ ჯერ წამიყრუა, მერე კი, უდროობა და უფულობა მოიმიზეზა. მატერიალურად მართლა გვიჭირს, ახლა ამას ჩემი "ბერწობაც" დაერთო და თუ ასე გაგრძელდა, იძულებული ვიქნები, ამ ოჯახიდან საკუთარი ფეხით წამოვიდე", - შემომჩივლა ჩემმა ახლობელმა, რომლის მდგომარეობაშიც არაერთი ქალი აღმოჩენილა. უნაყოფობა ძალიან დიდი ტკივილია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ის ქალს ჰბრალდებოდა და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. მედიკოსების აზრი ამ საკითხზე სრულიად განსხვავებულია: უშვილო წყვილების უმრავლესობა ხშირად, ფიზიკურად ჯანმრთელია და ამ მოვლენას ფსიქოლოგიური ფაქტორები განაპირობებს.
ლადო კახაძე, გინეკოლოგი:
- უშვილობა ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ ერთი ოჯახის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ როდესაც ქალს აძალებენ და დროს უსაზღვრავენ, რომ შვილი განსაზღვრულ დროში უნდა გააჩინოს, ასეთ დროს ხელოვნურად ქმნიან გარემოს, სადაც ის ვერ დაორსულდება. შეიძლება ქალი სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ ადამიანის ტვინს სხვა ფუნქციებთან ერთად მაკოორდინებელი ფუნქციაც აქვს. როდესაც ტვინზე ასეთ არასწორ, გაუმართლებელ ზემოქმედებას ახდენენ, მისი ენერგია არასწორად გადანაწილდება პერიფერიაზე, ამ შემთხვევაში საკვერცხეზე და ეს შეიძლება უშვილობის მიზეზიც გახდეს. ასეთ დროს ქალი იმ ოჯახს, იმ გარემოს რომ მოშორდეს და ცოლად სხვას გაჰყვეს, დიდია ალბათობა, რომ შვილი გაუჩნდეს.
უშვილობის მთავარი მიზეზები
უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ქალში, ისე - მამაკაცში. მიზეზი შეიძლება იყოს შეძენილი ან დედის მუცლიდან დაჰყვეს ერთსაც და მეორესაც, მაგრამ ხშირად ვამბობ: ქალის საკვერცხეს უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ტვინი მას ხშირად ჩაგრავს. ხშირად ვეუბნები პაციენტებს, რომლებსაც შვილი არ უჩნდებათ: - წადით სადმე, დაისვენეთ, დაივიწყეთ ყველაფერი და ნუ გაამახვილებთ ყურადღებას შვილის გაჩენაზე-მეთქი. იმდენი სიხარული მე, რამდენჯერაც ეს ჩემი ნათქვამი სასურველი შედეგით დასრულებულა. მქონია შემთხვევები, როდესაც სავსებით ჯანმრთელ წყვილს 10-12 წლის განმავლობაში შვილი არ ჰყოლია, მე მითქვამს, აიყვანეთ შვილი და მერე საკუთარიც გაგიჩნდებათ-მეთქი და ესეც ასრულებულა - ერთი კი არა, ამ ადამიანებს უკვე ორი და სამი ბიოლოგიური შვილი ჰყავთ. ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ტვინს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს საკვერცხეზე. როდესაც დიაგნოსტიკური საშუალებები ასე განვითარებული არ იყო, კაცობრიობამ და არა მარტო ქართველებმა, უშვილობაში ქალი დაადანაშაულეს, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. ქალზე ხელის შეხოცვა და მისი დამცირება, თქმა, რომ ის უნაყოფოა, არ შეიძლება. გაირკვა, რომ ქალიც და მამაკაციც თანაბრად შეიძლება იყოს უნაყოფობის მიზეზი. სტატისტიკას მოვიშველიებ: პირველ წელიწადს ნორმალური წყვილიდან შვილი ჰყავს მხოლოდ 68%-ს, მეორე წელიწადს ეს ციფრი 34%-ზე ჩამოდის, შემდეგ უკვე ნახევრდება და 17-18%-ია. მეოთხე წელიწადს შვილი 9-10%-ს უჩნდება, მეხუთე წელიწადს - 5%-ს და მხოლოდ მეექვსე წელიწადს გვაქვს მინიმალური მაჩვენებელი - საშუალოდ,
1-2%. ყველა ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯანსაღ პირობებშიც კი, პირველივე წელიწადს შვილი ქალების 68-72 პროცენტს უჩნდება.
შვილის გაჩენისთვის ასაკი მეორეხარისხოვანია?
- უნაყოფობას აქვს მეორე მომენტიც: გადაჭარბებული სურვილი შვილის ყოლისა, რასაც მოჰყვება ცრუ ორსულობათა კასკადი. ზოგჯერ ხდება, რომ ჯანმრთელ ცოლ-ქმარს შვილი არ გაუჩნდა, დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეორე ქორწინებაში ორივეს შვილი ეყოლა. ძნელია ამის თქმა, მაგრამ ზოგჯერ ეს ბიოლოგიური შეუთავსებლობითაც აიხსნება, რომლის მიზეზები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია, თუმცა ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ყველა პოტენციური დედის მხარდასაჭერად ვამბობ: განაგრძეთ კითხვა