32 წლის რატი როსტომაშვილს ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისში საქონლის ფერმა აქვს. თელავში მდებარე საწარმოში კი 12 სახეობის ყველს შვეიცარიული ტექნოლოგიით აწარმოებს. მეურნეობაში ყველს პრასის, სტაფილოს წვენის, ჩილის, ნივრის, ფინჩირის, ჭინჭრის, თხილის და სხვა პროდუქტების არომატებით ამზადებენ. ერთი კილოგრამი ყველის ღირებულება 25-28 ლარია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რატი როსტომაშვილმა განუცხადა, შვეიცარიული მეთოდით ყველის წარმოების სურვილი, გერმანიაში, საქონლის ფერმაში მუშაობის დროს გაუჩნდა. საქართველოში დაბრუნებულმა სოფელ ოდლისში ნაკვეთი და ერთი ძროხა შეიძინა. მისივე თქმით, "ოდლისის" მიერ წარმოებულ შვეიცარიულ ყველს თბილისში, ნატურალური პროდუქტების და ტურისტულ მაღაზიებში ყიდიან.