ნავთობის გაიაფების პარალელურად, რუსული რუბლის გაუფასურების პროცესი გრძელდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას, რუბლის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, 25 მილიარდ რუბლზე მეტი გაყიდა, თუმცა რუბლის გაუფასურება არც ამის შემდეგ შეჩერებულა. რუბლის გაუფასურება პირველ რიგში მომხმარებლის ჯიბეზე აისახა, შემდეგ კი მომხმარებლის გარეშე დარჩენილ კერძო სექტორზე. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რუსეთში ბიზნესით დაკავებული ჩვენი თანამემამულეებიც...
ვალერი ჭყონია, სამშენებლო კომპანია "უნიტექსის" მეწილე: "კატასტროფის პირას ვართ. უკვე შეჩერებულია მშენებლობები... ფინანსური კრიზისი საფონდო ბირჟის შემდეგ, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებსაც შეეხო. მე და ჩემს პარტნიორებს 10-წლიანი სესხი გვაქვს აღებული, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა მშენებლობა შეჩერებული გვაქვს. უძრავი ქონება დავაგირავე, რათა სესხი დამეფარა... მუშა ხელი გავუშვით იმის გამო, რომ ხელფასს ვერ ვუხდიდით. ერთდროულად 7 ობიექტი გვქონდა აღებული მოსკოვში, მათ შორის, სამი სავაჭრო ცენტრი, სამედიცინო კლინიკა, ორი საბავშვო ბაღი, სამი საცხოვრებელი კორპუსი, მათგან მხოლოდ ერთის, სამედიცინო კლინიკის დასრულებას თუ შევძლებთ. კატასტროფულად გაძვირდა სამშენებლო მასალები, რომელსაც ძირითადად, გერმანელი და იტალიელი პარტნიორები გვაწვდიდნენ. მიმდინარე წლის აგვისტოს ფასებთან შედარებით, ახლა სამშენებლო მასალებს თითქმის 3-ჯერ ძვირად ვყიდულობთ. ზაფხულში ერთი დოლარი 29 რუბლი ღირდა, ახლა კი 60-მდე ავიდა... საახალწლოდ, ყველა უცხოეთში მიდიოდა და იქ ხვდებოდა ახალ წელს, წინასწარ ვუკვეთავდით სასტუმროებსა და რესტორნებს, ახლა ჩემ გარშემო არავინ ვიცი, სადმე მიდიოდეს საახალწლოდ".
მერი დარბაისელი, კერძო სამედიცინო კლინიკა "მედექსპერტის" თანამფლობელი: "მოსკოვში ჩვენი კლინიკა ერთი წლის გახსნილიც არ არის და კრიზისი დაგვემთხვა. რამდენიმე თვის გახსნილ კლინიკაში, ყველა სახის ექოსკოპიურ კვლევაზე 30%-იანი ფასდაკლება გამოვაცხადეთ, რადგან პაციენტები არ მოდიოდნენ. თავდაპირველად 50 სპეციალისტი მყავდა დასაქმებული კლინიკაში, ახლა კი მხოლოდ 37 დავტოვეთ. შემოსავალი არ იყო იმდენი, რომ მათი ხელფასს გავწდომოდით…არადა, ბოლო რამდენიმე თვეა, სახელმწიფო სამედიცინო სამსახურებიდან ვითომდა ოპტიმიზაციის საფუძველზე გაშვებული ექიმები მოგვაწყდნენ. დარჩენილებს 15 თებერვლამდე აქვთ ვადა, თორემ 40% გაუშვესო სამსახურებიდან, ამბობენ. კომპენსაცია კი, მხოლოდ რამდენიმეს მისცეს.
500 ათასი რუბლი მისცეს მხოლოდ სერტიფიცირებულ ექიმებს, სანიტრებსა და ექთნებს კი 200-200 ათასი რუბლი. ჩვენ გარშემო 10-მდე კერძო და სახელმწიფო კლინიკა დახურეს და დღის სტაციონერები გახსნეს, სადაც პაციენტს გამოკვლევას უტარებენ, გადასხმებს უკეთებენ და დღის ბოლოს სახლში უშვებენ. საერთო ჯამში, კატასტროფულად შემცირდა პაციენტების რაოდენობა და ვინც მოდის, ისინიც იმიტომ, რომ მაღალი დონის უზუსტესი აპარატურა გვაქვს. სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მომსახურება ვითომ უფასოა, ქრთამის გარეშე ზედაც არავინ შემოგხედავს და მთლიანობაში მეტი უჯდებათ. ერთმა პაციენტმა მითხრა, ჩემს ექიმს 1000 რუბლი ვაჩუქე და აგდებულად მითხრა, 2 კილო ხორცის ფასიც არ არისო"...