განვიხილოთ რამდენიმე ზოდიაქოს წყვილი და ერთად გავაქარწყლოთ, მითები ე.წ. შეუთავსებელი წყვილების შესახებ. საყოველთაოდ გავრცელებულია აზრი, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ნაკლებად გამოსდით ერთმანეთთან ჰარმონიული თანაარსებობა. თუმცა, ირკვევა, რომ ვითომ შეუთავსებელი წყვილები ძალიანაც კარგად თანაარსებობენ ერთად.
ტყუპი და მშვილდოსანი
მათ შორის დიდი განსხვავებაა. მშვილდოსანი ბუნებით დემაგოგია. თუმცა, ტყუპსაც არანაკლებ უყვარს მახვილსიტყვაობა და ლაქლაქი. შესაბამისად, ცოლ-ქმარს შორის რომელიმეს მაინც ხომ უნდა გააჩნდეს მოსმენის კულტურა? სამაგიეროდ, ტყუპზე კარგად არავის შეუძლია მშვილდოსანი ახალ-ახალი გმირობების ჩადენისკენ წააქეზოს. ჰაერი ხომ ცეცხლს უფრო აღვივებს. ხოლო თავად ცეცხლოვანი მშვილდოსანი კარგად მოახერხებს ჰაეროვანი ტყუპი, თავისი მართალია არცთუ ტაქტიანი კრიტიკით, ზოგჯერ დაუკვირვებელი და იმპულსური ქმედებებისგან იხსნას. ცეცხლი ხომ ჟანგბადს შთანთქავს.
მერწყული და ლომი
მედლის ორი მხარეა. ერთი მთლიანობის ორი სხვადასხვა ნაწილი, რომელსაც დიდი შანსი აქვს გამთლიანდეს და ჰარმონია შექმნას. მერწყულს რომ ჰკითხო, ლომის გადამეტებული ტრაბახი, უფროსობისკენ მიდრეკილება და სხვისი ხელით საქმეების კეთება აღიზიანებს. ამ დროს, თავადაც არანაკლებ მიდრეკილია სხვების მართვის და ლიდერობის მოთხოვნილებისკენ. თუმცა, ამას ლომისგან განსხვავებით, გარშემო მყოფების მიმართ ჰუმანურ-მეგობრული დამოკიდებულებით და ოსტატური მანიპულაციის უნარით ნიღბავს. ჰოდა, თუ თვალს თამამად გაუსწორებთ საკუთარ ნაკლოვანებებს, ძვირფასო ლომებო და მერწყულებო, შეძლებთ ხანგრძლივად იცხოვროთ ჰარმონიაში.
ვერძი და თხის რქა
მიუხედავად იმისა, რომ ვერძიც და თხის რქაც უაპელაციო სიჯიუტისკენაა მიდრეკილი, ამ ორს შორისაც შეიძლება ჩამოყალიბდეს საკმაოდ სტაბილური და რაც მთავარია, წარმატებული ოჯახური დუეტი. საამისოდ კი აუცილებელია, რომ პარტნიორული ურთიერთობის გარდა, საერთო ბიზნესინტერესებიც გააჩნდეს. ქმარი თხის რქა, შესანიშნავი პრომოუტერი, სპონსორი ან თანაშემწე იქნება ცოლი ვერძისთვის, რომელსაც იდეები და კრეატივი როგორც წესი, თავზე საყრელად გააჩნია მაგრამ ნებისყოფა არ ყოფნის დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად. ჰოდა, თხის რქა ქმარზე უკეთეს იმპრესარიოს სად იშოვის?
მორიელი და ლომი
ეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური, მაგრამ ამავდროულად უაღრესად რომანტიკული და ემოციური კავშირია. მათთვის ურთიერთჰარმონიის მიღწევა, ძალზე რთულია, ამიტომ, კრიზისული პერიოდები ყველაზე ხშირად, სწორედ ამ წყვილს ელოდება ოჯახურ ცხოვრებაში. თუმცა, მათ შორის მიზიდულობა, იმდენად დიდია, – როგორც ფიზიკური ისე ემოციური თვალსაზრისით, – რომ ეს წყვილი მიუხედავად ბევრი პრობლემისა მაინც ახერხებს ხანგრძლივად შეინარჩუნოს ოჯახი. უმთავრესი პრობლემა კი ამ ორს შორის, როგორც წესი, მართვის სადავეების ფლობა და პირველობის მოთხოვნილებაა. მორიელი, რომელსაც ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის კონტროლი სისხლში აქვს გამჯდარი, თავისუფლებისმოყვარე და ამაყ ლომსაც მოუნდომებს გალიაში გამომწყვდევას. ჰოდა, აი აქ დაიწყება პრობლემები. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ გალია ოქროსი იქნება, როგორმე აიტანს ტყვეობას ფუფუნების მოყვარული ლომი.
კურო და ლომი
როგორც წესი, პრაქტიკული, მუყაითი და გონივრულად ხელმომჭირნე კუროს მოთმინება და ჯიბე, იშვიათად სწვდება ლომისთვის დამახასიათებელ არისტოკრატულ ცხოვრების წესს და მოთხოვნილებებს. ბებიის ნაქონ საწოლშიც გემრიელად სძინავს და ვერაფრით გაუგია რა ჯანდაბად უნდა კუდაბზიკა ლომს ულტრათანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით გამოვსებული სახლი. რის შეძენასაც მთელი წლის დანაზოგი უნდა გააყოლოს ქარს. დიახ, დიახ უმთავრესი პრობლემა ამ ორს შორის ფულია! აქედან გამომდინარე, თუ ერთი მადას ცოტათი დაიოკებს, მეორე კი ხანდახან მაინც ისწავლის ტკბობას თანამედროვე ცხოვრების სიახლეებით, სულაც არ არის უტოპიური იდეა მათი ხანგრძლივად ერთად ყოფნა.
ქალწული და მშვილდოსანი
მანიაკალურობამდე წესრიგის მოყვარული, მეთოდური და ხანდახან უზომოდ ხელმომჭირნე ქალწული, ხშირად მოთმინებიდან გამოჰყავს მშვილდოსნის უმისამართო ხელგაშლილობას, უპასუხისმგებლობას და თავქარიან ხასიათს. თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, მათ შესანიშნავად შეუძლიათ მცირეოდენი კომპრომისების ხარჯზე, ერთმანეთის ხასიათები დააბალანსონ. მშვილდოსანი ქალწულს ოპტიმიზმს, ცხოვრებით ტკბობას და მოგზაურობის სიყვარულს ასწავლის, ქალწული კი მის უთავბოლო ხასიათს და ჩვევებს "დაალაგებს" და დაარეგულირებს. ჰოდა, რატომაც არა?
თხის რქა და სასწორი
რკინის ლოგიკის მქონე, უსაშველოდ ჯიუტ და სწორხაზოვან თხის რქას, თქმა არ უნდა, ხშირად გამოიყვანს წყობიდან მერყევი, ცვალებადი და ზედმეტად დამთმობი სასწორი. თუმცა, თხის რქას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სასწორში მისი მმართველი პლანეტა სატურნი ყველაზე ძლიერია. ამიტომ, სასწორსაც გააჩნია უაპელაციო სიჯიუტის შეტევები. ოღონდ ეს მაშინ, როცა მას ვინმე პინებს უთავბოლოდ ურყევს და აიძულებს ის საქმე აკეთოს, რომლის კეთებაც, მოცემულ მომენტში სულაც არ ეხასიათება. შესაბამისად, თუკი თხის რქა შეეცდება გაუგოს სასწორის შემოქმედებით ნატურას, სასწორიც შეეცდება დაილაგოს მოყანყალე პინები და თხის რქა გასაოცარი მიზანდასახულობით გააოცოს.
კურო და მერწყული
მათ შორის ხშირად ხდება ერთი ნახვით შეყვარება. მაგრამ ამ ერთ ნახვას რომ მომდევნო ნახვები მოჰყვება თან და შესაბამისად ერთმანეთის ხასიათის უკეთ გაცნობაც, ამ ფაქტს რაღა მოვუხერხოთ? კურო ფესვებისგადგმამდე მიწიერი არსებაა. უსაშველოდ რეალისტი, სტაბილურობის მოყვარული და გაწონასწორებული. მერწყული კი დღეს რომ ალთასაა, ხვალ ბალთას იქნება, ზეგ კი რომელ უკაცრიელ კუნძულზე გაეღვიძება, იქაური აბორიგენების წეს-ჩვეულებების საკვლევად ჩასულს, არავინ იცის. აქედან გამომდინარე, ამ ორის ურთიერთობას მხოლოდ ერთობლივი საქმიანობა თუ გადაარჩენს. მერწყულებმა გაითვალისწინეთ რომ თქვენი კრეატიული იდეების განხორციელებაში კუროზე უკეთ ვერავინ დაგეხმარებათ. თანაც, თქვენზე უკეთ შეუძლია მატერიალური საკითხების მოგვარება. ასე, რომ, იდეები თქვენი, მისი განხორციელება და ფულის დათვლა - კუროს.