2008 წლის რუსეთის აგრესიას მრავალი წიგნი, გამოკვლევა თუ სტატია მიეძღვნა, თუმცა არც ნაკლებად გაშუქებული საკითხები აკლია. მათ შორის ერთ-ერთი რუსული სპეცდანიშნულების დანაყოფების საბრძოლო მოქმედებებს შეეხება.
საქართველოს წინააღმდეგ მომზადებული ომის სცენარში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა აქცენტი ავიაციასთან ერთად უშუალოდ გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფ სპეცდანიშნულების ძალებზე გააკეთა.
ჯერ საბჭოთა და შემდგომ უკვე რუსეთის გენერალიტეტისთვის ასეთი ძალების დანიშნულება სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და სპეციალური დავალებების შესრულებაა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მოწინააღმდეგის ზურგში შესასრულებელ ამოცანებს: ჯარების მართვის მოშლას, სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერთა ლიკვიდირებას, მართვის პუნქტების, კავშირის, ენერგო- და სატრანსპორტო კომუნიკაციების მწყობრიდან გამოყვანას, ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ მართვაში ქაოსის შეტანას და ა.შ.
სპეცდანიშნულების ძალების მომზადების მაღალი დონის საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებით რუსეთმა ცხინვალის რეგიონში თადარიგი დაიჭირა და ომის დაწყებამდე რამდენიმე სპეცდანაყოფი ზოგი "სამშვიდობო" ძალების ეგიდით, ზოგიც კი ფარულად განათავსა.
კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული "სამშვიდობო" ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდა გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-10 ბრიგადის 104-ე ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმისა და ჩეჩნური ბატალიონ "ვოსტოკის" თითო-თითო ასეული, ანუ "სამშვიდობო" ბატალიონის პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს სხვადასხვა სპეცოპერაციაში გამობრძმედილი სპეცრაზმელები შეადგენდნენ.
გარდა ამისა, მე-10 ბრიგადის 85-ე ცალკეულ სპეცდანიშნულების რაზმს საქართველოს ტერიტორიაზე გამომავალი როკის გვირაბის სამხრეთ პორტალის დაცვა ჰქონდა დავალებული.
2008 წლის აგვისტოს ომში აქტიურობით გამოირჩეოდა კიდევ ერთი სპეცდანიშნულების ნაწილი - მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი და როსტოვის ოლქის ქალაქ ბატაისკში დისლოცირებული 22-ე ბრიგადა.
ბრიგადა ავღანეთისა და ჩეჩნეთის ორივე ომის, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა კონფლიქტის მონაწილეა და რუსეთის არმიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდარი გამოცდილების მქონე სპეცდანიშნულების ნაწილია.
22-ე ბრიგადამ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობის ბრძანება 2008 წლის 8 აგვისტოს 00-15 სთ-ზე მიიღო და საბრძოლო მოქმედებებისთვის 108-ე ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმი, საცეცხლე მხარდაჭერის ბატალიონის დანაყოფი, სპეციარაღის ცალკეული ასეული და ამ დანაყოფების მებრძოლები სამხედრო-სატრანსპორტო ИЛ-76-მა ბესლანში ჩაიყვანა, საიდანაც ავტომობილებით ვლადიკავკაზიდან დასავლეთით მდებარე სოფელ გიზელში გადაიყვანეს.
8 აგვისტოს 18-00 სთ-ზე რუსი სპეცრაზმელები საქართველოსკენ ავტომობილებით წამოვიდნენ და 9 აგვისტოს დილის 8-00 სთ-ზე ჯავაში იმყოფებოდნენ.
პარალელურად 58-ე არმიის შტაბის ბრძანებით საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში დაზვერვის, დაკვირვებისა და არტილერიის ცეცხლის კორექტირებისთვის ხუთი სადაზვერვო ჯგუფი მომზადდა.
ჯგუფები შვეულმფრენებს ცხინვალის აღმოსავლეთით მდებარე სიმაღლეებზე უნდა გადაესხათ. თითოეული სადაზვერვო ჯგუფი 12-14 კაცს ითვლიდა და მათ შორის 2 რადისტი იყო. დესანტირებისთვის სულ 65 კაცი გამოიყო.
9 აგვისტოს 18-30 სთ-ზე ხუთივე ჯგუფი ჯავასთან მდებარე შვეულმფრენთა მოედნებიდან დავალების შესასრულებლად გამოფრინდა.
როგორც ამ ოპერაციის მონაწილე ერთ-ერთი რუსი ოფიცერი იხსენებს, დესანტირებისას ხუთივე ჯგუფს ხმელეთიდან ცეცხლი გაუხსნეს. უფრო მეტიც, ქართულმა ქვედანაყოფებმა მოულოდნელი ავიათავდასხმის ნაწილობრივ მოგერიებაც შეძლეს. ძლიერი წინააღმდეგობის გამო ორი ჯგუფის დესანტირება ვერ მოხერხდა და შვეულმფრენმა 26 სპეცრაზმელი უკან, ბესლანში წაიყვანა.
ხმელეთზე გადმომსხდარ რუს სპეცრაზმელებს კი ბრძოლის დროს 1 მოკლული, 8 დაჭრილი ჰყავდათ, ხოლო 1 ჯარისკაცი უკვალოდ დაიკარგა.
პირველივე შეტაკებაში სპეცრაზმელებს 22-ე ბრიგადას 36 კაცი, ანუ ოპერაციაში მონაწილეთა ნახევარზე მეტი გამოაკლდა.
თუმცა დანარჩენმა ჯგუფებმა დავალების შესრულება მაინც შეძლეს, - საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში აწარმოებდნენ პატარ-პატარა ბრძოლებს, გადასცემდნენ კოორდინატებს ქართული ქვედანაყოფების პოზიციებისა და თავმოყრის ადგილებზე, კოლონების გადაადგილების მიმართულებებზე, რათა მათთვის საავიაციო-საარტილერიო საშუალებებით დარტყმები მიეყენებინათ.
თემურ ჩაჩანიძე, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"