სამთავროს დედათა მონასტერში შესვლა შეზღუდული იყო. იქ შესასვლელად საპატრიარქოს მიერ 600-მდე საშვი გაიცა, რომლითაც შშმპ და სასულიერო პირებმა და ქალებმა ისარგებლეს, თუმცა იყვნენ პრივილეგირებულნიც და მათ შორის საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
იმ ფაქტს, რომ ხადური, სხვა მორწმუნეების მსგავსად, რიგის დაცვით არ მოხვდა სამთავროს დედათა მონასტერში, სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ნაწილის აშკარა გაღიზიანება მოჰყვა. მათ შორის იყო საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია, რომელიც Facebook-ზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
"ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ არა მგონია, ხადური ან სხვა რომელიმე მინისტრი მცხეთაში შეკრებილ რომელიმე ადამიანზე მეტი იყოს, ასე განსაკუთრებულ პირობებში რომ იმყოფება. შეიძლება გამონაკლისი დაუშვა ქვეყნის ლიდერზე, პრეზიდენტზე და პრემიერზე, რადგან ისინი ქვეყნის სახეა, მაგრამ მინისტრებმა კეთილი უნდა ინებონ და ჩეულებრივი ადამიანებივით ელოდონ საკუთარ დროს, როდესაც სიწმინდის მოლოცვა შეეძლებათ.
რაც შეეხება ზოგადად საშვების საკითხს, ის აუცილებლად მიმაჩნია, ამის წყალობით, პროცესი არის მშვიდი და ორგანიზებული, მე მინისტრთა კაბინეტის წევრების პრივილეგირებულობას ვაკრიტიკებ. ხელისუფლების წევრებიდან მეტ უბრალოებას ვარჩევდი, როგორც ადამიანს მისი უბრალოება ბევრად დაფასდებოდა, როგორც ქრისტიანს, ასევე უფრო დაუფასდებოდა. საშვები ამ ეტაპზე სრულიად მისაღებად მეჩვენება, უახლოეს დღეებში ყველას შეეძლება პირადად მოლოცვა, სრულიად ვამართლებ საშვების აუცილებლობას", - წერს არჩილ გამზარდია.