საქართველოში ნახევარ მილიონ ბავშვსა და დედას კვების დეფიციტი აქვს. ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომელიც ბავშვთა ზრუნვის პროგრამის მიმდინარეობას მიეძღვნა.
კომიტეტს და მიწვეულ სტუმრებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა გაერო-ს კვლევების მიხედვით გაკეთებული დასკვნა გააცნო, რომლის მიხედვით, საქართველოში ნახევარი მილიონი ბავშვი და დედა კვების დეფიციტს განიცდის, ხოლო ცუდი კვების შედეგად ყოველწლიურად 350-მდე ბავში იღუპება.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემებია, რაც ბავშვთა პრობლემების მოგვარების გარეშე ვერ გადაიჭრება.
"დღეს ჩვენ განვიხილეთ ბავშვზე ზრუნვის პროგრამის მიმდინარეობის სუსტი და ძლიერი მხარეები. ვიმსჯელეთ არსებული პრობლემების დაძლევასა და შემდგომი განვითარების ოპტიმალურ გზებზე. სახელმწიფოს პრიორიტეტია ბავშვისთვის ოჯახთან მიახლოებული გარემოს შექმნა, რაც ხორციელდება დიდი ზომის ინსტიტუტების ტრანსფორმირებით და მისი ჩანაცვლებით მცირე საოჯახო ტიპის სახლებით, ანუ სახელმწიფოს პრიორიტეტია ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში ან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში. საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემებია და ეს პრობლემები ვერ მოგვარდება ბავშვთა პრობლემების მოგვარების გარეშე", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
დღევანდელ სხდომას მთვრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებოდნენ.