მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ცნობილია. აღიძვრება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე და რა შედეგების მომტანი იქნება ეს ქვეყნისთვის. ვესაუბრებით პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს, ადვოკატ ამირან გიგუაშვილს.
-ბატონო ამირან, იმ ფონზე, როდესაც მთავრობის მეთაური ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება. გაიზარდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შანსები?
-არა მგონია, ამ შემთხვევაში ახალი პრემიერის წინა პოსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამ კრიტერიუმით ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრობისას უფრო შეეძლო შურისძიების აქტების განხორციელება ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, თუმცა როგორც დავინახეთ მას ეს არ გაუკეთებია და პირიქით პოლიციის მაქსიმალური დეპოლიტიზაცია მოახდინა. თანაც სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურის პრეროგატივაა და არა მთავრობის მეთაურის. მე ვფიქრობ აქ უბრალოდ მოვლენების ბუნებრივ განვითარებასთან გვექნება საქმე და პროცესები მიხეილ სააკაშვილის მიმართ თავისთავად გააქტიურდება.
-ანუ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი კომპრომატები არსებობს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გარდაუვალია?
-ნუ დაგვავიწდება, რა სისტემასთან გვქონდა საქმე და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს სისტემა ძალაუფლების ვერტიკალზე იყო ორიენტირებული. დღეს კი იძახის სააკაშვილი -ბოდიში, რომ ზოგიერთ ძალოვან მინისტრს ზედმეტად ვენდობოდიო, მაგრამ ვის სჯერა ამის?! ნაციონალური მმართველობის პერიოდი სავსეა დანაშაულებრივი ფაქტებით, რომელზე პასუხისმგებლობაც, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი, პირველ რიგში სწორედ მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. თუნდაც ბოლო შეწყალების აქტი ნახეთ. როგორ შეიძლება ერთი ადამიანი და მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტი მართლმსაჯულებაზე მაღლა აყენებდეს საკუთარ თავს და იმას ანიჭებდეს თავისუფლებას, ვისაც პირადად თვითონ თვლის საჭიროდ. ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ მას და მის გუნდს კანონთან მთელი ათი წლის მანძილზე. თუმცა მეორეს მხრივ, ვფიქრობ, პროკურატურას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება პირდაპირ არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის შიდა პროცესებით და სასამართლომაც, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, უკვე არაერთი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ.