27 ოქტომბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა, - ქართველი ამომრჩევლისთვის უჩვეულოდ მშვიდ გარემოში, ხმათა უმრავლესობით, საპრეზიდენტო არჩევნებში 62,09%-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძეა, შემდეგ პოზიციას "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იკავებს...
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასეთი ფინალი მოულოდნელი არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ასეთ შედეგს ელოდა ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს...
- ბატონო ედუარდ, როგორი იყო თქვენი მოლოდინი და როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას?
- არჩევნებამდე რამდენიმე დღით, პატრიარქი მესტუმრა, ბევრი ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ბატონ ბიძინა ივანიშვილზეც. უწმინდესთან საუბრისას მე მას გავანდე, რომ ხმას მარგველაშვილს ვაძლევდი...
პირადად ჩემთვის, ბატონი მარგველაშვილის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება მოულოდნელი არ არის. მიხარია, რომ ქართველმა ერმა სწორი არჩევანი გააკეთა.
- ექსპერტების დიდი ნაწილი მეორე ტურს ელოდებოდა. თქვენ?..
- თუ კითხულობთ ჩემს ინტერვიუებს, ყურადღებას მიაქცევდით, რომ არაერთხელ კატეგორიულად განვაცხადე, მეორე ტური არ შედგება, რადგან ბატონი მარგველაშვილი გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით-მეთქი, ასეც მოხდა!