მეორე ტური არ იქნება, იმიტომ რომ პირველ ტურში გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, გაიმარჯვებს ქართული საზოგადოება, გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს დემოკრატია , - ეს განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს რუსთავში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლის წინაშე რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა წარადგინა. შეხვედრას გიორგი მარგველაშვილთან ერთად მსახიობები გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, მომღერალი ირმა სოხაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველებს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია დასრულდება და ახალი დემოკრატიული ცხოვრება დაიწყება.
"მუდმივად იმასთან დაკავშირებით საუბარი, როგორ შეიძლება უარი ვთქვათ მეორე ტურზე, მარტივად, იმდენად შეიძლება რამდენადაც ენდობი შენს ხალხს. მე უარს ვამბობ იმიტომ, რომ თქვენ გენდობით და არა იმიტომ, რომ რაიმე ამპარტავნობა მჭირს. მე, თქვენი ნდობიდან გამომდინარე ვამბობ უარს მეორე ტურზე. მე ამას ნათლად ვაჩვენებ, რომ არ არის არანაირი კითხვები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე განცხადებით, ორი დღის წინ, როდესაც ტელედებატებში დავით ბაქრაძესთან ერთად იმყოფებოდა, ოპონენტს კითხვა დაუსვა რატომ არის დადარდიანებული, თუ მეორე ტურში მარგველაშვილი უარს იტყვის.
"ჩვენი ოპონენტების დაბღვერილ სახეებს ვაკვირდები. ვაკვირდები იმას, თუ რა ვითარებაა, "ნაციონალური მოძრაობა" დარდობს, რომ მარგველაშვილმა მეორე ტურზე უარი თქვა. დებატებში ვიყავი და ვეკითხებოდი ბაქრაძეს, შენ ხომ უნდა გიხაროდეს, მე მეორე ტურზე თუ უარი ვთქვი, შენ ხომ ძლიერი კანდიდატი ხარ, რა გადარდებს?" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს რუსთაველ ამომრჩეველთან შეხვედრისას.