გაეროს კომისია საბრძოლო პირობებში აშშ-ის მიერ დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესწავლას შეუდგა. უკვე რამდენიმე წელია დამრტყმელ უპილოტოებს ამერიკელი სამხედროები ტერორისტთა გასანადგურებლად იყენებენ. გაერომ გამოძიება 3 ქვეყნის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი პაკისტანია. ამერიკული უპილოტების თარეშისგან ყველაზე მეტად სწორედ ის ზარალდება. ოფიციალური ისლამაბადის განცხადებით, ამერიკული უპილოტოების ქმედებები მათი ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს.
გაეროს ერთ-ერთი ექსპერტის - ბრიტანელი იურისტის შეფასებით, სამხედრო მიზნებით უპილოტოების მასობრივი გამოყენება, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კანონმდებლობის ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
თავის მხრივ, ამერიკელი სამხედროები დამრტყმელი უპილოტოების გამოყენებას ოფიციალურად აღიარებენ. თუმცა მათი თქმით, მათი სამიზნე მხოლოდ ტერორისტებია.
Long War Journal-ის მიერ შეგროვებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2004 წლიდან დღემდე, ამერიკულმა უპილოტო "მკვლელებმა" პაკისტანის ტერიტორიაზე 350-მდე საჰაერო იერიში მიიტანეს. მსგავსი ოპერაციების უმეტესობა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძელზე ტარდება. არსებული ოფიციალური მონაცემებით, ამერიკული უპილოტოების საჰაერო იერიშებს პაკისტანის ტერიტორიაზე 3325-მდე ადამიანი შეეწირა. მათგან 881 - სამოქალაქო პირია, მათ შორის 176 ბავშვი. თუ ამ ციფრებს დავუმატებთ ავღანეთში, ერაყში, იემენში, სომალისა და ლიბიაში უპილოტო საფრენი აპარატების მსხვერპლთა რაოდენობასაც, ციფრი გაცილებით შთაბეჭდავი გამოვა.
გამოძიების საფუძველზე, შესაძლებელია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დამრტყმელი უპილოტოების გამოყენება აკრძალოს. თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აშშ მოცემულ გადაწყვეტილებას ვეტოს არ დაადებს.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.