მთავარმა პროკურატურამ პოლიტდევნილთა სტატუსის მქონე 25 პირიდან 9-ზე ინტერპოლით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ "ინტრეპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა.
აღნიშნულის მიუხედავად, ხათუნა პაიჭაძის განმარტებით, მთავარი პროკურატურა პოლიტდევნილის სტატუსის მქონე პირებს მოუწოდებს, დსთ-ის ქვეყნების გავლით სამშობლოში დაბრუნებისგან ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, რადგან ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში სხვა ტიპის ხელშეკრულებები მოქმედებს და საჭირო პროცედურების გავლას დრო სჭირდება.
"9 პირზე უკვე შეწყდა წითელი ცირკულარით ძებნა, მაგრამ დსთ-ის ქვეყნებთან გვაქვს სხვა ტიპის ხელშეკრულებები და მათ ჯერ კიდევ არ მოუხსნიათ ამ პირებზე გამოცხადებული ძებნა. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტდევნილებს, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ საქართველოში დსთ-ის ქვეყნების გავლით დაბრუნებისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააკავებენ. მსგავსი ერთი-ორი შემთხვევა დაფიქსირდა კიდეც", - აღნიშნა პაიჭაძემ.
მისივე განმარტებით, დსთ-ის წევრ სახელმწიფოებთან შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურების გავლა მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულდება.
ამ დროისთვის საერთაშორისო ძებნა შეწყვეტილია შემდეგ პირებზე - მიხეილ ქარელი, ბიძინა გიორგობიანი, ჯემალ ქარქუსოვი, გიორგი ქადაგიშვილი, ლევან ფხაკაძე, გურამ გოგუა, მელიქ რაისიანი, ილია რამიშვილი და იასონ ჩიხლაძე.