დასუფთავების გადასახადის განსაზღვრისას შესაძლოა, ოჯახის წევრების რაოდენობაც იყოს გათვალისწინებული.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კანონპროექტის ავტორმა, თინათინ ხიდაშელმა განაცადა, იმის გამო, რომ სულადობრივი გადასახადის შემთხვევაში მრავალშვილიანი ოჯახები არ დაზარალდნენ შესაძლოა, სულადობის ზედა ზღვარი დაწესდეს, რომელიც 3-4 სულით განისაზღვრება.
"ჩემი აზრით, გადასახადი უნდა განისაზღვროს სულადობით, 0-დან 3 ლარამდე. ერთადერთ დაზუსტებას ვაპირებ, რომ ეს სულადობა არ იყოს განუსაზღვრელი. მრავალშვილიანი ოჯახები არ უნდა დაზარალდნენ. იმის გამო, რომ ოჯახში ბევრი ბავშვია, ეს არ ნიშნავს, ოჯახმა ყველა ბავშვზე სამი ლარი გადაიხადოს. ზედა ზღვარი უნდა განისაზღვროს სამი, მაქსიმუმ ოთხი სულით. ასეთი იყო გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც თავის დროზე საკრებულოში შევიტანე. იმ ვარიანტში, რომელიც მე საკრებულოს შევთავაზე, იყო 4-სულიანი ოჯახი",- განმარტა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, სტატისტიკურად დაზუსტებულია, რომ დასუფთავების საფასურის ასეთი ვარიანტი მოქალაქეებს გადასახადის ოდენობას არ უძვირებს. ხიდაშელის ინფორმაციით, ახალი გადასახადის ამოქმედებიდან წელიწადზე მეტი გავიდა და "დადასტურებულია, რომ თბილისელები დღეს გაცილებით მეტს იხდიან, ვიდრე მანამდე იხდიდნენ".
ამასთან, კანონპროექტის ინიციატორი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის მხრიდან დასუფთავების გადასახადის განსაზღვრის ალტერნატიულ ვარიანტად, ბინის ფართიც იყოს შეთავაზებული. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მუნიციპალიტეტებს ვარიანტებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეთ.
"თუკი პარლამენტში ვინმეს მხრიდან ალტერნატივად იქნება შემოთავაზებული ფართზე მიბმა, ჩემთვის არც ეს არის მიუღებელი, რადგან მსოფლიო პრაქტიკა ამ თვალსაზრისითაც არსებობს, ანუ ორივე ვარიანტი თანაბრად ლეგიტიმურია. ამიტომ შესაძლოა, ორივე ვარიანტი ჩავდოთ, როგორც შესაძლებლობა და მუნიციპალიტეტებმა თავად გადაწყვიტონ, რას აირჩევენ. არც ერთი ვარიანტი არ არის რაიმე განსაკუთრებული პრობლემის მატარებელი",- განმარტა ხიდაშელმა.
თუმცა, მანვე დასძინა, რომ დასუფთავების გადასახადის ფართის მიხედვით განსაზღვრა "უფრო უსამართლოა", რადგან მოქალაქეების ნაწილს დიდი ბინები მემკვიდრეობით აქვთ მიღებული და მათ ახლა ძალიან უჭირთ.
კანონპროექტის ინიციატორის თქმით, ცვლილებების პროექტის შესახებ დედაქალაქის ხელისუფლების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.
"მე ველოდებოდი თბილისის ხელისუფლების მხრიდან, რომ რაიმე ტიპის საჯარო გამოხმაურება იქნებოდა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, მათ ეს საკითხი არ აინტერესებთ. ამიტომ, თუ ასე დარჩა პირველ მოსმენამდე და მათგან არ იქნება არანაირი რეაქცია, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს მათი ინტერესია და პოზიცია უნდა გამოხატონ, თორემ ნამდვილად არანაირი აუცილებლობა არ არის ამაში, უნდათ გამოხატონ, უნდათ - არა",- აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, რეგლამენტით დადგენილი ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში, კანონპროექტის მიღება პირველი მარტისთვის იქნება შესაძლებელი.
დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურებაზე შესაძლოა, კვლავ ზღვრული მოსაკრებელი დაწესდეს, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
აღნიშნულ საკითხს ითვალისწინებს დეპუტატ თინათინ ხიდაშელის მიერ მომზადებული "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი.