წელს, სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით სუიციდის მცდელობის 19 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სააგენტო "ივერონს" განუცხადეს. ფსიქოლოგის თქმით, ეს შეიძლება მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობით იყოს გამოწვეული.
ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი "მთელ კვირასთან" საუბარში აცხადებს, რომ "სუიციდის მცდელობა შეიძლება ორ ძირითად პრობლემასთან იყოს დაკავშირებული".
"პირველი ის, რომ არ არსებობს ადეკვატური ფსიქიატრიული სერვისი, როდესაც პრობლემის შემთხვევაში ადამიანები კვალიფიციურ დახმარებას მიიღებენ. მეორე - ეს შეიძლება მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობით იყოს გამოწვეული. ანუ, ეს ადამიანები იმდენად გაჭირვებულები არიან და მათი სოციო-ეკონომიკური პირობები იმდენად მძიმეა, რომ საუკეთესო გამოსავალი თავის მოკვლაა.
ეს ორი ძირითადი მიზეზი არსებობს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ინდივიდუალური მიზეზი უნდა იყოს განხილული. მართალია, ახალი წელი ადამიანებისთვის ზოგადად სიახლესთან და ახლის დაწყებასთან ასოცირდება, მაგრამ სუიციდისაკენ მიდრეკილთათვის ეს პირიქით, დამამძიმებელი ფაქტორია იმის გამო, რომ მათ არანაირი იმედი აღარ აქვთ და, შესაბამისად, ამ ადამიანებისათვის ახალი წელი, პირიქით, გამაძლიერებელი ფაქტორია იმისა, რომ საბოლოოდ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღონ", - აცხადებს ჩიტაშვილი.
ამასთან, ამბობს, რომ აუცილებელი არაა, ეს მაინცდამაინც სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას დავუკავშიროთ.
არამარტო იმ მიზეზით, რომ ისინი, ვთქვათ, ახალ წელს ხელმომჭირნედ ხვდებიან. უბრალოდ, თუკი ადამიანს დეპრესია აქვს და პარალელურად მის გარშემო საახალწლო ზეიმია, ეს კიდევ უფრო აძლიერებს მის დეპრესიულ განწყობილებას იმ თვალსაზრისით, რომ ამბობს: ეს მე არ მეხება, ყველანი კარგად არიან, მე გარიყული ვარ, მე არაფერი არ მაქვს და ა.შ.
აუცილებელი არაა, ეს მაინცდამაინც სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას დავუკავშიროთ. იმიტომ, რომ დეპრესია შეიძლება ფულიანსაც განუვითარდეს.
გამოსავალი ადეკვატური სერვისების აწყობაა, სადაც ასეთ ადამიანებს დაეხმარებიან და მეორე - სოციალური პოლიტიკის დონეზე ადამიანური ინდექსის განვითარებისთვის ზრუნვა", - უთხრა ჩიტაშვილმა "მთელ კვირას".
სუიციდის ფენომენის მკვლევარი გიორგი ზირაქაშვილი კი ამბობს, რომ წლის დასაწყისში სუიციდის შემთხვევები ხშირდება, რაც ადამიანებში იმედგაცრუების შედეგია.
"კვლევები აჩვენებს, რომ საერთოდ წლის დასაწყისში უფრო ხშირია სუიციდის შემთხვევები. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანი ახალი წლის დაწყებასთან ერთად თავის ცხოვრებაში რაღაც სიახლეს, უკეთესობისკენ ცვლილებას ელოდება და იმედი აქვს, რომ მისი პრობლემები მოგვარდება და სოციალური პირობებიც გაუმჯობესდება.
თუმცა, ამ დროს მის ცხოვრებაში რეალურად არაფერი არ იცვლება. შემდეგ ხდება იმედგაცრუება, რაც სუიციდისკენ მიდრეკილების გაძლიერებას იწვევს და უკვე დგამს ასეთ ნაბიჯს - თავს იკლავს. შესაბამისად, როგორც წესი, იანვრიდან ივნისის თვემდე უფრო ხშირია ასეთი შემთხვევები, ვიდრე წლის დარჩენილი დროის განმავლობაში", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარში ზირაქაშვილი.
მისივე თქმით, მათ, ვინც თავის მოკვლის გადაწყვეტილებას იღებს, ამაზე მანამდეც ბევრჯერ აქვთ ნაფიქრი.
"ზოგადად, ამ ადამიანებს უკვე ძალიან ბევრჯერ აქვთ ნაფიქრი თავის მოკვლაზე, უბრალოდ, როდესაც მძიმე მდგომარეობა პიკს მიაღწევს და მათი გაანალიზების სფერო უკვე შედარებით დაბალია, ვეღარ აცნობიერებენ, თვითმკვლელობით თუ რაოდენ დიდ ცოდვას ჩადიან.
გამოსავალს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი ისევ ოჯახის წევრებზე უნდა გაკეთდეს. გასაგებია, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ ყველაფრის გადალახვაში ოჯახის წევრები უნდა დაეხმარონ. კარგი იქნება, რომ საქართველოში რეაბილიტაციის ცენტრი ჩამოყალიბდეს", - განაცხადა ზირაქაშვილმა "მთელ კვირასთან" საუბარში.
თეონა გიგაური