სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ახლო მომავალში გაიხსნება. ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება, გამოკვეთილია ახალი დეტალები, ახალი მონაცემები და მოწმეები, - ამცნო მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საზოგადოებას საქმეზე, რომელიც "ვარდების ხელისუფლების" შავ ლაქად იქცა. 27 იანვარს სანდროს მკვლელობიდან 7 წელი სრულდება და როგორც მისი მამა, ოჯახის ერთადერთი ცოცხალი წევრი გურამ გირგვლიანი ირწმუნება, დგება სამართლის აღსრულების ფინალური ეტაპი... 13 თებერვალს სანდრო 36 წლის გახდებაო, - გვითხრა ბატონმა გურამმა შვილზე, როგორც ცოცხალზე...
- ბატონო გურამ, ახალი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე შეუდგა სანდროს საქმის ხელახალ გამოძიებას. როგორ ფიქრობთ, ტრაგედიიდან 7 წლისთავზე აღსრულდება სამართალი?
- სამართალი რომ აღსრულდება, ეჭვიც არ მეპარება. საქმეში დიდი ცვლილებებია, უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება, დეტალებზე ვილაპარაკო, თუმცა სამართალი მალე იზეიმებს. ძველი მთავრობაც რომ დარჩენილიყო, იძულებული შეიქნებოდა, საქმე ხელახლა გამოეძიებინა და სიმართლე დაედგინა. ახლა, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მით უმეტეს, ასე იქნება. მე და ირინას ყოველთვის გვქონდა იმედი და ვიცოდით, რომ ეს საქმე ოდესღაც ობიექტური შედეგით დასრულდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტრასბურშიც ვერ მოვიგებდით მას.
- მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. თქვენ თუ ხართ საქმის კურსში?
- რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვარ. საქმეში გაჩნდა ახალი გარემოებები, ახალი მოწმეები და შეიძლება ითქვას - დამნაშავეებიც კი. ჯერჯერობით ამ დეტალების გახმაურება არ შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში მონაწილე პირები ძალით შეიყვანეს საკანონმდებლო ორგანოში, ისინი, თავის დროზე, დიდ როლს თამაშობდნენ ამ საქმის ჩაფარცხვაში და ყველანაირად ცდილობდნენ, ეს საკითხი წინ არ წამოწეულიყო. თუნდაც, როლანდ ახალაია იმიტომ არ არის იქ შეყვანილი, თავი რომ გადაირჩინოს? როგორ შეძლებს ამას, არ ვიცი... შვილებზე აღარც არის ლაპარაკი - ისინი ნამდვილად ვერ გადაურჩებიან მართლმსაჯულებას.
- არ გიფიქრიათ, რომ ყოველმხრივ ეცდებიან, ამ საქმეში მონაწილე პირებს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანონ?
- ყველაფრის დაშვება შეიძლება. გახსოვთ, თინა ბურჯალიანმა (ზურაბ ადეიშვილის მოადგილე - ნ.ფ.) როგორ უსირცხვილოდ იცრუა? ფაქტობრივად, თქვა, რომ სტრასბურის სასამართლომ სახელმწიფო გაამართლა. ეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. როდის იყო, გამართლებულ მხარეს სასამართლო ფინანსურ სანქციას უწესებდა?! ევროსასამართლომ მძიმე განაჩენი გამოუტანა ჩვენს ხელისუფლებას. ადრე თუ ასეთი ძლიერი იყო ჩვენი მოტივაცია, ახლა - მით უმეტეს, უფრო ძლიერია. თუმცა ვადროვოთ გამოძიებას. მართალია, კვლავ კოტე კუბლაშვილს უჭირავს სადავეები, მაგრამ სხვა გზა არ ექნება. პრეზიდენტის ვადაც იწურება და მის ნარჩენებს აღარ ეყოლებათ დასაყრდენი. 20 იანვრის შემდეგ სააკაშვილი იქნება ფიქტიური პრეზიდეტი, საზოგადოება გამოვა, იტყვის თავის სიტყვას და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა.
- ამ საქმესთან დაკავშირებული თითქმის ყველა მაღალჩინოსანი ქვეყნიდან წავიდა. გაქვთ იმედი, რომ მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ?
- აუცილებლად. იანვრის ბოლოს უფრო მეტ საინტერესო რამეს შეიტყობთ. დანაშაულის დამკვეთები აუცილებლად დაისჯებიან, ხოლო შემსრულებლები, რომლებიც პრეზიდენტმა სამარცხვინოდ შეიწყალა, უნდა შებრუნდნენ ციხეში და მოიხადონ დარჩენილი ვადა, თუ, რა თქმა უნდა, მათი სხვა დანაშაულიც არ გამოიკვეთა. როგორც ვიცი, გერონტი ალანია სხვა დანაშაულშიც არის ეჭვმიტანილი. ის, ახალაია და მელნიკოვი ყველა საქმეში არიან გარეული.
- ბატონო გურამ, ამ ტრაგედიას თითქმის მთელი თქვენი ოჯახი შეეწირა. როგორი იყო ეს 7 წელი ერთადერთი ვაჟის - სანდროს გარეშე?
- უმძიმესი ტრაგედია დამატყდა თავს - ერთადერთი შვილი დავკარგე, მაგრამ ირინას დაკარგვამ უფრო დამასვა დაღი, ვინაიდან ჩვენ ერთად ვიტანდით ტკივილს და ის რომ აღარ მყავს გვერდით, უფრო მძიმე გახდა ჩემი ყოფა. მარტო, სულ მარტო დავრჩი ყველაფრის პირისპირ. ერთადერთი, რითაც ვარ დაკავებული და რაც ჩემი ცხოვრების საზრისი გახდა, არის ფონდი, რომელიც საკომპენსაციო თანხით დავაარსე. წლეულს ის აუცილებლად გაიხსნება. ფონდს ჰქვია "სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სამართლიანობის ფონდი". ვინც ბოლო ხანს უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა, - ადვოკატი იქნება, უფლებადამცველი თუ ჟურნალისტი, არ აქვს მნიშვნელობა - ფონდი მათ გადასცემს პრიზს. ფონდი მესტიაში დაიდებს ბინას, ამისთვის მამაჩემის ძველი სახლი გადავაკეთე. სანდროს მეგობრები ამომიდგნენ მხარში.
- ამას წინათ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ქალბატონი ირინას მოძღვრის ინტერვიუ დაიბეჭდა. იგი ამბობს, რომ თქვენი მეუღლე ხელისუფლებას მოწამვლაში სდებდა ბრალს და ანდერძად დაიბარა ამ საქმის გამოძიება. თქვენც ფიქრობთ, რომ ის მოწამლეს?
- ძალიან ძნელია ამის დადგენა და არ მაქვს უფლება, ისეთი რამ ვთქვა, რაშიც არ ვარ დარწმუნებული. როდესაც ბადრი პატარკაციშვილი გაუგებარ გარემოებაში გარდაიცვალა და აზრი მკითხეს, მაშინ ვთქვი, არ გამიკვირდება, ასეთი რამ ირინა ენუქიძის მიმართაც გაეკეთებინათ-მეთქი. ისე, ამათგან გასაკვირი არაფერია, მით უმეტეს - დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში. მოგეხსენებათ, ირინა ამ ხელისუფლებას ძალიან უშლიდა ხელს, მისი ნებისმიერი გამოსვლა თვალში ეჩხირებოდათ. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, მკვლელობაზე ვილაპარაკო, როცა ხელთ არ მაქვს მტკიცებულებები.
- ვანო მერაბიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმე სამართალდამცველების შეცდომა იყო, სააკაშვილმა კი თქვა, საქმის კურსში არ ვიყავი, ახლაც არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა, ზოგიერთებმა კი ეს საქმე ძალიან გააპოლიტიკურესო.
- მერაბიშვილის "აღიარებაც" და პრეზიდენტის უაზრო კომენტარიც - მე აქ არ ვიყავი და როცა გავიგე, კონტროლზე ავიყვანე საქმეო, ზღაპარია. ნეტავ, ვინმეს სჯერა ეს? სააკაშვილის გარეშე იქ არაფერი გაკეთებულა. პრეზიდენტი არ მფარველობდა იმ ავბედითი სუფრის წევრებს - სალაყაია-ახალაიებს?! არც იმას გამოვრიცხავ, "კოაბიტაციიდან" გამომდინარე, ახლა ვიღაც გაწირონ ან საქმეში ახალი სახეები შემოაგდონ, ოღონდ თავი გადაირჩინონ. მე არც ვანოს "აღიარების" მჯერა და არც სააკაშვილის ზღაპრების. სპეციალურად სულ სხვა მიმართულებით წაიყვანეს გამოძიება, მალე შეიტყობთ, რომ ყველაფერი მაღალჩინოსანთა სუფრიდან მოდიოდა, ეს პირადად თაკო სალაყაიას და დათა ახალაიას დაკვეთა იყო. არ ვამბობ, რომ მათ მაინცდამაინც ასეთი ტრაგიკული შედეგი სწადდათ, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოუვიდათ.
- თუ მაინც არ მიიღეთ ის შედეგი, რასაც ელოდებით, მაშინ რა მოხდება?
- ეს შეუძლებელია! უკრაინაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობაზეც ცდილობდნენ, სიმართლე არ გარკვეულიყო, მით უმეტეს, იმავე ხელისუფლების პირობებში, მაგრამ იძულებულნი შეიქნენ, საქმე ბოლომდე მიეყვანათ. ახლაც ასე იქნება, ევროსასამართლოს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ერთადერთი, ის შეიძლება მოახერხონ, რომ გაიქცნენ და დაიმალონ, მაგრამ რამდენ ხანს დაიმალებიან? სადაც უნდა იყვნენ, მათ მაინც ჩამოიყვანენ. მე არსად მეჩქარება. ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც საჭიროა. 27 იანვრისთვის ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ გაირკვევა. მალე ყველას ჩამოეხსნება ნიღაბი!
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)