ეთერ იოსებიძე ცნობილი მომღერალი, კომპოზიტორი და ნიჭიერი მუსიკოსი იყო. "ჩარირამა", "მოიტაცეს თამარ ქალი", "მხიარული რომანი", "სიყვარული ყველას უნდა" და სხვა ქართული ფილმები მისი გახმოვანებულია. ეს ქალბატონია წარსულიდან. სიცოცხლე საკუთარი შვილის დაბადების სანაცვლოდ გაიღო - ოცდაოთხი წლის წინ.
უკვე გაზრდილი თეონა კოროშინაძეც მუსიკოსია. მღერის. ძალიან კარგად. დედა ეამაყება. ყოველი მისი წარმატება და სურვილი, მიაღწიოს მეტს, ქვეცნობიერად დედას ეძღვნება.
დედას სხვებისგან იცნობს და კიდევ, იმ მოზრდილი ალბომით, რომელიც ოჯახის წევრებმა შექმნეს და ეთერ იოსებიძის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს ფოტოკადრებსა და ფურცლებზე მოუყარეს თავი. ეს შვილისთვის განძის მაგვარია...
თეონა ამერიკაში ცხოვრობს. თითქმის მთელი ცხოვრება იქ გაატარა. ბებიისა და დეიდა-ბიძის გასაზრდელად დარჩენილი პატარა სხვა კონტინენტზე აღმოჩნდა. ბებომ იმ დროს ყველასთვის სანატრელი მწვანე ბარათი მოიგო - საშვი სრულიად განსხვავებულ სამყაროში და ოჯახი ნიუ-ჯერსის შტატში გადასახლდა.
თეონას დეიდაც მუსიკოსი, ჯაზშემსრულებელია. არავის უფიქრია გოგონას მომღერლობაზე, თუმცა მაშინ, როდესაც დეიდა მის შვილს მუსიკალურ გაკვეთილებს უტარებდა, პატარა თეონაც ესწრებოდა. ჯერ ჩუმად, მაგრამ ინტერესით უსმენდა, ითვისებდა. მერე ამღერდა და ნიჭიც გაამჟღავნა. დეიდის დამსახურებით, ჯაზისა და სოულის გავლენა, თეონას მაღალი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა.
დეიდაშვილების დუეტის დებიუტი ამერიკაში წარმატებული აღმოჩნდა. World Championships of Performing Arts - კონკურსზე გოგონებმა გრანპრი მოიპოვეს. მერე იყო დამოუკიდებლად სიმღერის მცდელობა, კლუბში საკუთარი პუბლიკის წინაშე მისებური ინტერპრეტაციით შესრულებული სიმღერებით წარდგომა და... საქართველო. ამერიკაში, იქ, სადაც მილიონობით უნიჭიერესი მომღერალია, რთულია კონკურენციის გაწევა, წარმატების მოპოვება. საკუთარ სამშობლოში, თავისი ხალხისთვის სიმღერა თეონასთვის გაცილებით სასიამოვნო, საინტერესო და საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. პროექტ "ნიჭიერის" ფარგლებში წარდგა პირველად ქართველი აუდიტორიის წინაშე. ნერვიულობდა - წარმატებული დედის, უცნობი, მაგრამ მაინც მონატრებული ხალხის წინაშე სიმღერა ადვილი არ იყო. გარისკა, არ იცოდა, როგორ მიიღებდა საზოგადოება, მოიწონებდნენ თუ არა. არ შემცდარა - შეუძლებელია, თეონას საშემსრულებლო მანერამ და ნიჭმა მუსიკასთან დაახლოებული ადამიანი გულგრილი დატოვოს. ეს იყო დიდი სიხარული, სიამაყის შეგრძნება და რაც მთავარია, კიდევ ერთი ძღვენი უცნობი, გაიდეალებული დედის ხსოვნას.
პროექტის შემდეგ ქართველ ემი უაინჰაუზად წოდებული თეონა ამერიკაში დაბრუნდა. საქართველო ძალიან შეუყვარდა, ახლა უკვე ხშირად ბრუნდება აქ, მიზეზი მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანი - გული მოუწევს, უცნაური შეგრძნება აქეთ ექაჩება.
არადა, საინტერესო და ნაყოფიერია ამერიკული ცხოვრებაც. თეონა Seton Hall University-ში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. სამომავლოდ სპორტსმენების ჯანმრთელობაზე იზრუნებს. - საუკეთესო არჩევანიაო, ამბობს. მედიცინას პლუს სპორტი, პლუს მოგზაურობა სამყაროს გარშემო - ახალი პროფესია კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მის ცხოვრებას. რატომ არა უმაღლესი მუსიკალური განათლება? მარტივად ავხსნიო, მპასუხობს - ხმა ისეთი მონაპოვარია, შეიძლება ერთ დღესაც დაკარგო, მერე? ამიტომ პროფესია და სტაბილურობის შეგრძნება არჩია. მუსიკა კი თეონას ცხოვრების, სულის ნაწილია. ახლა საკუთარი ბენდი ჰყავს, მღერის პოპულარულ ამერიკულ კლუბში, მარტის თვემდე ყოველი კვირა გაწერილი აქვს - ტურნეები შტატებში, დიდ ქალაქებში. ეს საინტერესოა, ეს მთელი ცხოვრებაა!
საქართველო კი... არა, აქ ალბათ ჯერ ვერ იცხოვრებს, მაგრამ კონტინენტიდან კონტინენტზე ასე ხშირად ალბათ, ცოტა თუ დაფრინავს. აქ ხალხიც სხვანაირია - ემოციური და საინტერესო.
იმდენად შეიყვარა ქართველები, ოჯახი აუცილებლად ქართველ მამაკაცთან ერთად უნდა შექმნას. ორი წელი ამერიკელ მეგობართან ერთად იცხოვრა, მაგრამ ურთიერთობა ვერ შედგა. მიზეზს ახლა ხვდება - ის აკლდა, რაც ქართველ კაცებს აქვთო, ქართული ჟინი და ხასიათი. ეს მოსწონს, ეს უნდა და ეს ექნება.
ზაფხულში ერთი თვით სტუმრად ჩამოსული თეონა ამერიკაში გამგზავრების წინადღეს შემთხვევით გავიცანი ერთ-ერთი პროექტის რეპეტიციაზე. მუსიკოსებმა სთხოვეს, რომ ემღერა. მონუსხული ვუსმენდი - ქარიზმა, დამახასიათებელი, მოპირსინგებულ-ტატუირებული გარეგნობა, ძლიერი ხმა, განსხვავებული საშემსრულებლო მანერა და ექსტრავაგანტურობა... მომღერალმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
გავიცანი.
გაცნობთ.
დაიმახსოვრეთ!
თეონა - ქართველი ნიჭიერი სხვა კონტინენტიდან.
სალომე ლილუაშვილი
ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"