პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ ყატარის პრინცის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი პოლიტიკური ნიშნით გადანაწილდა. მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც დახმარება არ შეხვდა, ამტკიცებს, რომ დახმარების გარეშე, ძირითადად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დარჩნენ.
პანკისელთა მტკიცებით, ყატარის პრინცი ხეობას ივლისში სტუმრობდა, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია ამ ვიზიტის შესახებ არსად მოიძებნება. ამ პერიოდში საქართველოს ყატარიდან მართლაც ეწვია ყატარის წითელი ნახევარმთვარის გენერალური მდივანი სალეჰ ალი ალ მუჰანადი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი დოქტორი ოუსედიკ ფავზის შემადგენლობით. სავარაუდოდ, სწორედ ისინი ჩავიდნენ პანკისში და მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი მათე ქავთარაშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ზუსტი ინფორმაცია ყატარიდან გადმორიცხული თანხის შესახებ ვერსად მოიპოვა. მან საქართველოს წითელი ჯვრის ხელმძღვანელ ნანა ყეენიშვილსაც მიმართა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარი უთხრა.
ქავთარაშვილის მტკიცებით, პროდუქტის ნაწილი საკვებად უვარგისია, რადგან თაგვების შეჭმულია. სოფელში ამბობენ, რომ ყუთები არჩევნებამდე ჩამოიტანეს ხეობაში და სხვადასხვა ფერმებში და სათავსოებში არასათანადო პირობებში ინახავდნენ.
ანჟელა ქავთარაშვილის ოჯახი სოფელ დუისში ყველაზე ხელმოკლედ ცხოვრობს. "გურია ნიუსთან" საუბარში ის ამბობს, რომ პრინცი პირადად იმყოფებოდა მის სახლში: "მოვიდა და თავისი თვალით ნახა ყველაფერი, ფოტოებიც კი გადაუღო ჩემს ქოხს, მერე მკითხა, ყველაზე მეტად რა გჭირდებაო. სარეცხის მანქანა ვთხოვე და დამპირდა, გიყიდითო".