გლდანის ციხის ყოფილმა პატიმარმა ალექსანდრე უსოევმა დღეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძისა და ციხის იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც მას სცემდნენ, საჩივარი შეიტანა.
უსოევთან ერთად "ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი იმყოფებოდა, რომელმაც ყოფილ პატიმართან ერთად გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ პრესკონფერენცია გამართა.
წულუკიანმა განაცხადა, რომ უსოევი არის გლდანის საპყრობილეში წამების მსხვერპლი და მას ცემის შედეგად გახეთქილი აქვს ნაწლავი. ყოფილი პატიმარი მომხდარი ფაქტის გამოძიებას ითხოვს და ამ მიზნით, ბაჩო ახალაიას, ხათუნა კალმახელიძისა და ასევე ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მის ცემაში მონაწილეობდა, პოლიციაში საჩივარი შეაქვს.
"მოვლენები დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ უსოევის ოჯახში გუშინ იმყოფებოდნენ შავი ჯიპით უცხო პირები, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ მისი ოჯახის წევრებს. მივმართავ ახლად დანიშნულ მინისტრ გიორგი ტუღუშს, ასევე ზურაბ ადეიშვილს, რომელიც 9 წლის განმავლობაში აფარებდა ხელს ამ სიტუაციას, უზრუნველყონ ალექსანდრე უსოევისა და მისი მეუღლის, პრობაციონერ მანანა მენძოევას უსაფრთხოება", - დასძინა წულუკიანმა.
უსოევის თქმით, მის ოჯახში მისულები იყვნენ უცხო პირები და "ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ სამადაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ "ნუ ისაუბრებს მომხდარზე, დაწყნარდეს. მივიდეს მათთან და ყველაფერზე მოილაპარაკებენ".
ასევე, ყოფილმა პატიმარმა დაასახელა ის პირები, რომლებიც გლდანის ციხეში ყოფნის დროს სცემდნენ - ცხვედიანი, გულორდავა და ავსაჯანოვი.
ალექსანდრე უსოევი სასჯელს ქურდობისთვის 2007-2012 წლებში იხდიდა. მას 4 წელი და 4 თვე ჰქონდა მისჯილი.