"სიკვდილის გამაუქმებელი" უწოდა მას მწერალმა გიორგი კეკელიძემ, მის შესახებ დაწერილ რომანს კი "სიკვდილის გაუქმება". ეს არის 61 წლის კაცის საოცარი ისტორია, ვიდრე ის ცნობილი ექიმი, პედაგოგი, პროფესორი და ბედნიერების ელჩი გახდებოდა. ამ საინტერესო ისტორიის შესახებ„"სიკვდილის გამაუქმებელი" არსენ გვენეტაძე თავად გვიამბობს.
- მე და გიორგი კეკელიძეს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ერთხელ, როდესაც ჩემს გალერეაში მოვიწვიე და ჩემი ცხოვრების, ჩემი ხელოვნების შესახებ ვესაუბრებოდი, უცებ მითხრა, ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ და ეს შეიძლება კიბოსთან მებრძოლი ბევრი ადამიანისთვის მოტივის მიმცემი აღმოჩნდესო. მას შემდეგ კვირაში რამდენჯერმე ვსაუბრობდით, ჩემი ცხოვრების დეტალების შესახებ. გიორგი დიდი ყურადღებით ისმენდა ყველა დეტალს, ბებია-ბაბუების ისტორიით დაწყებული, ჩემი კიბოთი დასნებოვნებისა და მასთან ბრძოლის ამბით გაგრძელებული. როდესაც რამდენიმე ფრაგმენტი წავიკითხე, გავოცდი, დიდებულად ჰქონდა გადმოცემული ყველა ის ემოცია, რასაც სიმსივნით დაავადებული ადამიანი განიცდის. გიორგის ნამუშევარი ძალიან დაეხმარება ამ ადამიანებს გამოწვევებთან გამკლავებაში.
- როგორ დაიწყო თქვენი ბრძოლა კიბოსთან და როგორი შედეგით დასრულდა?
- 42 წლის ვიყავი, როდესაც უმნიშვნელო სიმპტომები შევნიშნე, ტკივილი არ მაწუხებდა და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. სამი თვის შემდეგ ისევ შევნიშნე... იმხანად ჟორდანიას ინსტიტუტში ვმუშაობდი და დირექტორის, არჩილ ხომასურიძის რჩევით პროფესორს, პროქტოლოგ გია მუხაშავრიას დავუკავშირდი, რომელმაც კოლონოსკოპია ჩამიტარა. მას შემდეგ 20 წელია გასული და ასეთ გამოკვლევას წელიწადში ერთხელ ვიკეთებ.
პირველ ჯერზე, როდესაც ბატონ გია მუხაშავრიასთან მივედი, მსხვილი ნაწლავის პოლიპეპი აღმომაჩნდა. დავიწყე მკურნალობა და მესამედ რომ ჩავიტარე გამოკვლევა, ბატონმა მუხაშავრიამ ერთობ საგულისხმო რამ მითხრა, ნულის ტოლია იმის რისკი, რომ თქვენ მსხვილი ნაწლავის კიბოს გამო სიცოცხლე შეიმოკლოთო. ვიფიქრე, კოლეგა ვარ და ჩემს დამშვიდებას ცდილობს-მეთქი და ვკითხე, ხომ მაღალია რისკი, რომ პოლიპები კიბოდ გარდაიქმნას-მეთქი, და მითხრა, დიახ, მაგრამ თქვენ წელიწადში ერთხელ კვლევას იტარებთ. შესაბამისად, პოლიპი ვერასოდეს განვითარდება იმ ზომამდე, რომ მეტასტაზად იქცესო. როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, ისე აგიხდეთ ყველაფერი და, 2010 წლის თებერვალში მსხვილი ნაწლავის კიბო დამიდასტურდა...
იმხანად ვახტანგ გაბაშვილთან ერთად დოკუმენტურ ფილმს ვიღებდი. ტყიბულში, ჩემს მშობლიურ მე-6 საჯარო სკოლაში, წიგნის კითხვის მოტივაციის გაზრდის მიზნით სამკითხველო, ე.წ. კარცერ-ლუქსი გავხსენი. ბავშვები რეგულარულად ისმენდნენ ლექციათა კურსს სიკეთეზე და წარმატების მიღწევის გზებზე იმ მოტივაციით, რომ შეუძლებელი არაფერია. ხშირად სხვადასხვა ღონისძიებას ვატარებდი, ხან ჯილდოებს ვაწესებდი და ხან რას. ჩემი მეგობარი ვახტანგიც დამყვებოდა და ერთხელაც მითხრა, მოდი, დოკუმენტურ ფილმს გადავიღებ შენზეო. სიმართლე გითხრათ, არ მითქვამს უარი. დილით კვლევა ჩავიტარე და ტყიბულის გზას დავადექით. გზაში ვსაუბრობთ, თან ის კამერით მიღებს. მე ვამბობ, დღეს კვლევა ჩავიტარე და 50/50-ზე კიბო მექნება, მაგრამ არ მეშინია, ვიმკურნალებ და ეგ იქნება-მეთქი. ერთი სიტყვით, ღონისძიება ჩავატარეთ და თბილისში დავბრუნდი....წაიკითხეთ სრულად