კვირას, "დინამო არენაზე" საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების თამაშს ვინც ადევნებდით თვალს, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ პატარა ბიჭი, რომელიც მატჩის დაწყებამდე გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძესთან ერთად გავიდა მოედანზე და ჰიმნი შეასრულა. როგორც ეთერისას ჩანდა, ბიჭუნას სციოდა და ჟორჟმა თავისი ქურთუკი ჩააცვა...
11 წლის გიორგი ძიგავა თბილის ცხოვრობს, ჰყავს მშობლები და უმცროსი და, რომელიც იმ დღეს სტადიონზე მდგომ ძმას, დედასთან ერთად კულისებში ელოდა. მაკა ფასუაშვილი გიოს დედაა. ჩვენთან ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ გააბედნიერა 11 წლის თბილისელი ბიჭი ცნობილ ფეხბურთელთან შეხვედრამ.
- მაკა, როგორ მოხვდა გიო სტადიონზე.
- გიორგი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია. დადის ფეხბურთზე, დამოუკიდებელი საფეხბურთო გუნდია, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების ქვეშ "ააიპ ვორიოსი“. ჩვენი ტრენერია გიორგი ციხისელი. გიო თავიდან ბურთით არ ინტერესდებოდა და მესამე წელია გიორგი მასწავლებელმა შეაყვარა ბურთი და ფეხბურთი.
გიოს პირველი გასვლა "დინამოს" სტადიონზე შარშან ჰქონდა, როდესაც თბილისის "დინამო" თელავს ეთამაშებოდა, იქაც მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობდა. ამხელა პუბლიკის წინაშე გასვლა, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე დიდი გამოწვევა იყო. გიო მაღალფუნქციური, მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვია, ცოტა ქცევითი სირთულე აქვს. მისთვის ეს გამოცდა იყო ძალიან ემოციური. ვიდეოშიც ჩანს, როგორ უხარია, სტერეოტიპული მოძრაობები, რომელიც ახასიათებს, დიდ სიხარულს გამოხატავს.
- როგორ გაიგო ამ სიახლის შესახებ, რა ფორმით მიაწოდეთ ინფორმაცია?
- ძალიან გაუხარდა, მაგრამ თითქოს არ ელოდა, თან არ იცოდა ვისთან ერთად გავიდოდა, ძალიან უნდოდა ჟორჟ მიქაუტაძესთან ერთად დგომა. მაგრამ ეს შერჩევით არ ხდება. რიგში აწყობენ და ისე გაჰყავთ ბავშვები. გიო ბოლოში იდგა, ბუთქუჩა რომ არის, ვუთხარი, ბოლოს იდექი, იქნებ კვარაცხელია შეგხვდეს-თქო, ვიცით, ხოლმე რომ ბომბარდირები ბოლოს დგებიან. მისთვის ხმაური და სიცივე დისკომფორტია, მგრძნობიარე ბავშვები არიან. ეს პირველი შემთხვევა იყო გიოსთვის, რომ ამხელა პუბლიკის წინაშე გამოვიდა. მაგრამ ბოლოს ძალიან გახარებული იყო, ჰიმნი ვიმღერეო. ძალიან დადებითად მიიღო, ცოტა გაჩერება გაუჭირდა.
- ალბათ დაძაბული ადევნებდით თვალს?
- კი, ძალიან განვიცდიდი, ვფიქრობდი, ტექნიკა ახლოს არ მისულიყო მასთან და მისი ყურადღება სხვა რამეზე არ გადართულიყო. ძალიან შთამბეჭდავი იყო ყველაფერი. უკან რომ დაბრუნდა თქვა, რომ ჟორჟის შეხვდა. უამრავი ადამიანი გვირეკავდა. საბოლოოდ გიო დარჩა სტადიონზე და თავის დასთან და ჩემთან ერთად ბოლომდე უყურა. დღეს თერაპიაზე რომ მყავდა, სპეციალისტს ყველაფერი მოუყვა, ვინ გაიტანა გოლები, ქურთუკი როგორ ჩააცვეს.
დიდი მადლობა ჟორჟს, აქამდეც დიდი ფანი ვიყავი მისი და კვარაცხელიასი. დარწმუნებული ვარ, ჟორჟი მიხვდა, რომ გიორგი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი იყო, ძალიან დიდი მზრუნველობით მოექცა, როგორ ათბობს ხელებით, ეფერება, ქურთუკს თავისი ხელით აცმევს, მიხვდა, რომ დახმარება იყო მისთვის საჭირო. უდიდესი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, რომ ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. გიოს ეს არასდროს დაავიწყდება.
გიო 192-ე სკოლაში დადის, მეხუთე კლასში სწავლობს და გუშინ სკოლაში რომ მივიდა, ლამის წითელი ხალიჩა გაუფინეს, ყველა ემოციით ხვდებოდა. ძალიან მოსწონს პოპულარობა და ამაყობს საკუთარი თავით. ახლა ჟორჟის მაისურს ითხოვს. კვარაცხელიას ფორმა აქვს, ჩვენ შევიძინეთ.
გიო პარასპორტის ფედერაციის დარბაზში ვარჯიშობს ყოველ შაბათ-კვირას, ძირითადად აუტისტური სპექტრის ბავშვები არიან. როდესაც დიაგნოზს იგებდნენ, ყველა უარს ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ გიო კარგად საუბრობს, ქართულად, ინგლისურად, წერს კარგად. საოცარი მასწავლებელი ჰყავს ახლა გიოს, გიორგი ციხისელი, რომელმაც უზომოდ შეაყვარა სპორტი. ძალიან დიდი მოთმინებით ექცევა ბავშვებს, წარმოიდგინეთ ამდენი ბავშვი, რომელიც ყველა სხვადასხვა მხარეს გარბის, ძალიან რთულია ფეხბურთი ასწავლო და სპორტით დააინტერესო. ჩვენი გუნდიდან "დინამოზე" მხოლოდ ორი ბავშვი მოხდა გიორგი და ნიკოლოზი. ყველა ბავშვს აქვს სურვილი რომ ნაკრების წევრები გაიცნონ, აგვისტოში საქართველოში რომ ჩამოვლენ.
ამის ორგანიზებას აუცილებლად გავაკეთებთ, გვინდა რომ ფედერაციაში წერილიც დავწეროთ.
- მაკა, გიო სკოლაში დადის, ასევე აუტიზმის ცენტრში თერაპიაზე, რა სირთულეებს აწყდებით ამ სპექტრის მქონდე ბავშვების მშობლები?
- ძირითადად საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადავაადგილებდით და ხალხში მაინც ინფორმაციის ნაკლებობაა... ხშირად ყოფილა ფაქტები, რომ გიოზე უთქვამთ რომ გატუტუცებული ბავშვია და თითქოს მე ვახალისებ მის ქცევას.... გიოს აქვს სტერეოტიპული მოძრაობები - ექოლალიები, ლაპარაკი მექანიკურ რეჟიმში, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, ისინი საუბრობენ.
კარგი იქნებოდა, რომ მანქანით გადავადგილდებოდე, მაგრამ მინდა, რომ გიო გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში, მინდა, რომ სოციალიზაციაში ხელი შევუწყო.. მომავალში აუცილებლად მოუწევს მეტროშიც ჩასვლა, ამ ეტაპზე, ხმაურის თვალსაზრისით, ეს მისთვის რთულია...