მას შემდეგ, რაც ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერმა მედიასაშუალებამ საფეხბურთო სტადიონებზე თავდასხმის მუქარა გაავრცელა, ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე უსაფრთხოება გაძლიერდა.
ისლამური სახელმწიფოს თანამოაზრე მედიასაშუალებამ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მეოთხედფინალური მატჩების წინ სტადიონებზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა. უეფამ განაცხადა, რომ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საქმის კურსშია, თუმცა მადრიდში, პარიზსა და ლონდონში მატჩები გეგმის მიხედვით კვლავ ჩატარდება.
მატჩამდე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების შესახებ გეგმები როგორც საფრანგეთის, ასევე ესპანეთის შსს მინისტრებმა დაადასტურეს. ესპანეთის სპორტის მინისტრმა პილარ ალეგრიამ მადრიდის თამაშებამდე გულშემატკივრების დასამშვიდებლად მესიჯი გამოაქვეყნა და თქვა, რომ სტადიონის შემოგარენში 2000-ზე მეტი პოლიციელი და სამოქალაქო გვარდიის ოფიცერია განლაგებული.
გერმანიის შსს მინისტრმა ნენსი ფაიზერმაც გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ საფრთხეებმა ახალ დონეს მიაღწია და არსებული საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო კიდევ უფრო მტკიცედ შეიარაღდებოდა.
მედიასაშუალების მიერ გაზიარებული ჯიჰადისტური მუქარის გამოსახულებები არ ეხებოდა რომელიმე კონკრეტულ მატჩს ან მოვლენას და ისინი ისეთმა მედია დაწესებულებამ გამოაქვეყნა, რომელიც თავად ორგანიზაციასთან ოფიციალურად არაა დაკავშირებული. თუმცა გამოითქვა ის აზრიც, რომ შესაძლოა საფრთხეების შესახებ ფოტოების გამოქვეყნების დირექტივა თავად ისლამური სახელმწიფოსგანაც მოდიოდეს.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა