დოჰაში, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიში ცუდად დასრულდა მადრიდის "რეალის“ თავდამსხმელის, "ოქროს ბურთის“ მფლობელ კარიმ ბენზემასთვის. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კვადრიცეფსის ტრავმა მიიღო და ვარჯიში დატოვა.
ბენზემა აქამდე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა და ცდილობდა, სიფრთხილით აღედგინა ფორმა. ის რაფაელ ვარანთან წყვილში ვარჯიშობდა, ხოლო გუნდთან შეერთების მცდელობა მისთვის სამწუხარო შდეგით დასრულდა.
წუხელ რამდენიმე ფრანგულმა გამოცემამ დაწერა, რომ ნაკრების თავდამსხმელის მდგომარეობა დამაიმედებელი არ იყო. მოგვიანებით, "ტვიტერში", საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია და დაადასრურეს, რომ ბენზემა ტურნირს გამოეთიშა.
ამის შემდეგ მალევე, თავად ფეხბურთელმაც დაწერა:
"ჩემს ცხოვრებაში არც ერთხელ არ მიფიქრია დანებებაზე, თუმცა ახლა გუნდზე უნდა ვიფიქრო (რასაც ისედაც სულ ვაკეთებ). ჩემი ადგილი ისეთ ვინმეს უნდა დავუთმო, ვინც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე დაეხმარება."
სხვათაშორის, ტრავმის გამო, საფრანგეთის ნაკრებს მთელი რიგი ვარსკვლავები ვერ დაეხმარებიან. მათ შორის არიან პოგბა, კანტე, კიმპემბე, ნკუნუ და ახლა უკვე ბენზემაც.
ცნობისთვის, ეროვნულ ნაკრებებს განაცხადის შეცვლა პირველ მატჩამდე 24 საათით ადრე შეუძლიათ.
ბენზემას ტრავმა ახალი ამბავი არ არის. ფრანგმა მადრიდის "რეალის“ ბოლო 6 მატჩიდან 5 გამოტოვა. გუნდში უკმაყოფილოებიც იყვნენ, ტრავმის არ სჯეროდათ და ფიქრობდნენ, რომ კარიმი უბრალოდ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის "თავს ინახავდა."
RMC Sport წერდა, რომ ბენზემათი გუნდის ფეხბურთელები და ადმინისტრაციის წევრებიც იყვნენ უკმაყოფილო, თუმცა ყველაზე მთავარი, "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფრანგ ფეხბურთელს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა და სჯეროდა, რომ თავს კი არ "ინახავდა“, არამედ ტრავმა რეალურად აწუხებდა.
"ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად კარიმი ზარალდება. ის უნდა წავიდეს ტურნირზე და ფორმაში შესვლისთვის მნიშვნელოვან წუთებს ვერ თამაშობს.“ - იცავდა კარლიტო ბენზემას.
1977 წელს "ბორუსიას“ დანიელმა ფორვარდმა ალან სიმონსენმა მიიღო "ოქროს ბურთი“, თუმცა ნაკრებმა 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა. 44 წლის შემდეგ, ბენზემა პირველი "ოქროს ბურთის“ მფლობელი იქნება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. მის ადგილს კი "მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ანტონი მარსიალი დაიკავებს.
ავტორი: ანრი კურტანიძე