ისრაელსა და ღაზაში წუხელ მძიმე ღამე იყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათმა“ დასახლებული ადგილებისკენ გასროლილი რაკეტების 85-90 პროცენტი გაანეიტრალა. ზილბერმანის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში "ჰამასის“ 500-მდე სამიზნეზე მიიტანა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა. სააგენტოს ცნობითვე, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას კი, 5 ადამიანი ემსხვერპლა.
Reuters-ი წერს, რომ დღეს დილით ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზაში მას შემდეგ, რაც თელ-ავივისა და ბეერ-შევას მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს. მედიის ინფორმაციით, ღაზაში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში "ჰამასის“ დაზვერვის ცენტრი, დასავლეთ სანაპიროს სარდლობა და პროპაგანდის დეპარტამენტი იყო განთავსებული. მათი ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მოსახლეობა გააფრთხილეს, შენობა დაეცალათ.
გთავაზობთ Reuters-ის ფოტოებს, სადაც შეიარაღებული დაპირისპირებაა აღბეჭდილი: