საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტს ასრულებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წყლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.
განახლებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში” დამსვენებლებს დახვდებათ ახალი საფეხმავლო ბეტონის ბილიკები, ხელოვნური ტბა, ველო-ბილიკები, სასმელი წყლის სოკოები, ფანჩატურები, ზონირების შესაბამისი ნიშნები, სკეიტპარკი და საბავშვო გასართობი მოედნები, დასასვენებელი ადგილები, ახალი ხე-მცენარეები.
პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რომლებიც ეტლით ასეირნებენ ბავშვებს.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 7.8 მილიონი ლარია.
კამერებიც უნდა ყველა 10 მეტრში თორემ ერთ კვირაში გაივსება შპრიცებით, ლუდისა და კოკაკოლის ცარიელი ქილებით, ცელოფნებით და ა.შ.
ძალიან კარგია, და ამას დაფასება უნდა, ამდენი რამე კეთდება და ზოგმა მაინც ვერაფერი ვერ დაინახა, მე პირადად დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისტვის