საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებული შემთხვევებიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობის ისტორიასთან.
"30 იანვრიდან მოყოლებული, ჩვენთან იყო 319 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას. დღევანდელი მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა. გუშინ ლუგარში გამოკვლეული იყო 39 შემთხვევა და აქედან 3 შემთხვევა არის დადებითი. ამ 12 შემთხვევის უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს, ხოლო 2 დაკავშირებულია ირანში მოგზაურობის ისტორიასთან. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით შესწავლილია 76 ადამიანი და 50 - ის შესწავლა მიმდინარეობს" - განაცხადა გამყრელიძემ.
დაინფიცირებულებს შორის ამირან გამყრლიძის შვილიცაა. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ გამყრელიძე სამედიცინო ცენტრ "ევექსის" სამეთვალყურეო საბჭოს თანამშრომელია. ერთ-ერთი დაინფიცირებული სწორედ "ევექსის" სათაო ოფისში მომუშავე პირია.