სოფელ თხილიანასკენ გეზი დილაადრიან ავიღე ერთ თხილიანელ გოგონასთან, მარიამ ქოჩაშვილთან ერთად. ეს არის გოგონა, რომლის დამოკიდებულებამაც თავისი კუთხისა და სოფლის მიმართ თხილიანაში ჩასვლა და მასალის მომზადება გადამაწყვეტინა. მარიამი 23 წლისაა, თბილისში ექთანის პროფესიას ეუფლება, პარალელურად შაბათ-კვირას ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს. დასვენების დღეებში სოფელს მიაშურებს, რადგან მისთვის იქაურობა განსაკუთრებული და მშობლიურია:
- ყოველთვის მიხარია ჩემს სახლში, მშობლებთან, ჩემს სოფელში ჩამოსვლა. მთა ჩემთვის იგივე სახლია, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მთის სიყვარული იწყება სუფთა ჰაერითა და არაგვის ხმიანობით. აქ თითოეული ხეც კი ხელოვნებაა. ფშაური ტრადიციები, სიმღერა, კაფიაობა - ეს ხელოვნებაზე მეტია.
- მარიამ, სოფელი ეკლესიების სიუხვით არ გამოირჩევა, ხომ ასეა?
- ერთადერთი ეკლესია გვაქვს და მასზეც ბევრი არაფერია ცნობილი. ფშავში, როგორც იცით, მთავარი სალოცავი ლაშარია. შუა საუკუნეებამდე ამ წარმართულ სალოცავს მუხის ანგელოზი ერქვა. ლაშა-გიორგის ფშავში უმოგზაურია და მთავარი სალოცავისთვის ვერცხლის ჯვარი შეუწირია. ამიტომაც, მეფის პატივსაცემად ფშავლებს სალოცავისთვის ლაშარი უწოდებიათ. მოგვიანებით, ზურაბ ერისთავმა რამდენჯერმე სცადა ფშავლების დამორჩილება, მაგრამ ვერ შეძლო. მისთვის უთქვამთ, ფშავლების ძალა გორაზე მდგარ ბერმუხაშია, რომელიც ოქროს ჯაჭვით არის ცაზე ჩამოკიდებულიო. ზურაბმა თურმე სცადა მუხის მოჭრა, მაგრამ რამდენ ნაფოტსაც ჭრიდა, მუხა ისევ მთელდებოდა. შემდეგ ვინმე აფციაურს უსწავლებია, კატის სისხლი მიასხურე და ისე მოჭერიო. ზურაბ ერისთავი მართლაც ასე მოქცეულა და მუხა მოუჭრია, ჯაჭვი კი გაწყვეტილა და ცაში წასულა. ამის შემდეგ მართლაც დაუმორჩილებია ფშავლები. მუხის ძირს დღესაც უჩვენებენ ლაშარის გორაზე, სადაც ლაშარის სალოცავია.
- ახლა შენს აქაურ ყოფაზე და მეცხვარეობაზეც მიამბე?
- მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გაგრძელებას ვაპირებ და სხვა გეგმები მაქვს, სოფელში ისე ვცხოვრობ, როგორც ერთი ჩვეულებრივი გოგო. როდესაც ზაფხულობით ჩამოვდივარ, ყველაფერს ვაკეთებ - საოჯახო საქმეებშიც ვეხმარები დედას და აღარ მახსოვს, რა ასაკიდან, ცხვარშიც დავდივარ. ეს ბევრს აკვირვებს, არა მარტო ჩამოსულ სტუმრებს, არამედ აქაურებსაც. ადრე ქალები მწყემსავდნენ და ეს ამბავი არავის აკვირვებდა. რა მოხდა მერე, როცა ბევრი საქმეა და ყველა რაღაცას აკეთებს, მეც რომ მივიღო მონაწილეობა ოჯახურ საქმიანობაში? თან, დედა მეცოდება, ბევრი რამის კეთება უწევს და მირჩევნია, მის ნაცვლად მე წავიდე. მახსოვს, ერთხელ 10-11 წლისები ვიქნებოდით, მე და ჩემი ძმა გაგვგზავნეს ცხვარში. სახლში ძალიან ადრე, 5 საათზე დავბრუნდით და მშობლები გაგვიწყრნენ, ცხვარი ასე ადრე რატომ მოიყვანეთო? არადა, ძალიან მოვიწყინეთ და სახლში მოგვინდა. ბავშვისთვის, ცოტა არ იყოს, ძნელია მეცხვარეობა. წვიმაში, ქარში გარეთ გიწევს ყოფნა.
- აბა, რომ მეუბნებოდი, მეცხვარეობა სულაც არ არის რთულიო?
- (იცინის) ამ პროფესიას, რა თქმა უნდა, სირთულეც ახლავს... დაახლოებით 100 სული ცხვარი გვყავს. დილის ექვს საათზე გამყავს საძოვრებზე. ზაფხულში, თუ ძალიან ცხელა, შუადღისკენ მომყავს სახლში, რადგან ცხვარი სიცხეში არ ჭამს. თუ ძალიან დაღლილი ვარ, ვცდილობ, დავისვენო და 1-2 საათით დავიძინო, თუ არადა, დედას ვეხმარები საოჯახო საქმეებში. დაახლოებით ხუთ საათზე ისევ ვუშვებ ცხვარს საძოვრებზე და საღამოს 8-9 საათზე მომყავს უკან. ზამთარში კი, თუ ცუდი ამინდია ან დიდთოვლობაა, ბაგურ კვებაზე გვყავს, ანუ კომბინირებულ საკვებზე: ქერი, შვრია, ქატო და ა. შ. ასევე, ვცრით პარაზიტებზე, რომ არაფერი შეხვდეთ. პირობები რთულია, რადგან ძირითადად, მთაგორიანი გარემოა, ცხვრის გაშვებაც გორებსა და ფერდობებზე გვიწევს... განაგრძეთ კითხვა