"ვეფხისტყაოსანში" გვხვდება: "მასვე წამსვე დაიკარგა, გადაფრინდა ბანის-ბანსა". შოთა რუსთაველის ეს სიტყვები სინამდვილეს აღწერს. ხშირად გაგვიგია გამოთქმა, ძველი ქართველი მეომრები დაფრინავდნენო, მაგრამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ მიგვიღია", - ამბობს ეთნოგრაფი - გიორგი გიგაური. იგი დღევანდელი "სქაიდაივინგის" არქეტიპზე გვიამბობს.
- ეს ინფორმაცია ადრევე მაქვს ნანახი, მაგრამ ახლა ვიპოვე ჩემი რვეული, სადაც 1986 წელს ჩავიწერე გიორგი ლიქოკელის ძველი ჩანაწერებიდან. გიორგი ლიქოკიელი სოფელ აკუშოდან იყო. მისი ჩანაწერების მიხედვით, ძველ მეომრებს შეეძლოთ მთიდან მთაზე გადაფრენა და კოშკიდან ან ციხიდან მსუბუქი ადამიანის "აფრონავით" დაშვება.
"მტერ რომ კოშკ-ციხეებს ისე მოადგებოდა, რომ ვერავინ გადარჩებოდა, მაშინ ბავშვებს და მოზარდებს უშვებდნენ "აფრონავით" ჯიშის და გვარის გადასარჩენად". სპეციალური დიდი ნაბადია, დამზადების მცირე ტექნოლოგიური დეტალებით. ეს ინფორმაცია არ გამოვაქვეყნე, რადგან ძალიან უცნაურად მეჩვენა. შემდეგ აღმოვაჩნე, რომ ასეთი რაღაც გურია-აჭარაშიც სცოდნიათ "მარჭიხოლის" სახელწოდებით.
აღმოჩნდა, რომ ძველმა ქართველებმა იცოდნენ ფრენის საშუალებები, რაც დღევანდელ "სქაიდაივინგის" არქეტიპია.
- ანუ ადრე დაუჯერებლად გეჩვენათ...
- ხევსურეთში ანდაზების და სულ სხვა მასალების შესაგროვებლად ვიყავი ჩასული. გიორგი ლიქოკიელს ვეწვიე, რომელსაც ბევრი ჩანაწერი ჰქონდა და ბევრიც ზეპირად იცოდა. იგი დამწუხრებული ამბობდა, რომ ბევრი ჩანაწერი დაკარგული ჰქონდა. ძველ ფურცლებზე ეწერა ამ მფრინავ საშუალებაზე, რომელიც არ მომცა და რვეულში გადმოვიწერე. მტერი რომ კოშკს მოადგებოდა, მსუბუქ ადამიანს შეეძლო ნაბდით კოშკიდან გადაფრენა.
დღევანდელი "სქაიდაივინგი" ჰქონდათ ძველ საქართველოში, რაც ქართველების უზარმაზარ ცოდნაზე მიუთითებს. აღწერილი იყო ნაბადი როგორ უნდა დამზადებულიყო. პატარა ასაკის ვიყავი, თან ეს ჩანაწერი ძალიან უცნაურად მივიჩნიე და მაშინვე დიდად არ დავინტერესებულვარ. ახლახან ისტორიკესებთან ვახსენე ამ თემაზე და მითხრეს, რომ გურია-აჭარაზეც გაგვიგონია, სადაც ამას "მარჭიხოლი" ერქვაო. მთაში "აფრინოვი" ერქვა. ამბობენ, რომ "აფრინოვს" თუშებიც იყენებდნენ. ძალიან საინტერესოა კაპიტან ნაჭყებიას არქივის შესწავლა, რომელიც ამაზე დიდი ხნის წინ წერდა.
- კიდევ რამე წყაროები ადასტურებს ამ ყველაფერს?
- დიახ, მოვიძიეთ უკრაინულ პრესაში მონაცემები ქერჩის ომის დროს. 1943 წელს ქართველმა მეომრებმა თურმე ეს ასფრენი ნაბდები ააწყვეს და ქერჩის ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრიდან იქვე ზღვაზე გადაეშვენ. მღელვარე ზღვა იყო და გერმანელები ზღვიდან არ ელოდნენ მეომრების შემოსვლას. თუ საიდან მოვიდა 120 მეომარი ზღვიდან, ვერაფრით გაარკვიეს. ქართველებს კაპიტან ნაჭყებიას მიერ ჰქონდათ ნასწავლები ნაბდის ასაწყობი კონსტრუქცია და პარაშუტის გარეშე გადმოეშვენ ასე. მერცხლის ფრთებს ეძახიან.
სტატიები რომ ვნახე გურია-აჭარის "მარჭიხოლის" შესახებ, დავრწმუნდი, რომ აჭარულის საცეკვაო ფორმებიც ცოტა ჰგავს "მარჭიხოლს".
1949 წელს ყაზბეგში ასეთი კონსტრუქციები გაუკეთებიათ და საჩვენებელი გადაფრენები. გია არაბული ყოფილა ვიღაც ახალგაზრდა მოზარდი, რომელიც გადაფრინდა და შემდეგ ამას იხსენებდა. შემდეგ ეს კონსტრუქცია სამხედრო საიდუმლოებად არის და ხალხში აღარ ჩანს. უმთავრესი კი ის არის, რომ უძველეს საქართველოში ამხელა ცოდნა ჰქონდათ და დღეს დავბეჩავდით.
ქართველები იმიტომაც იგებდნენ იმხელა ომებს, ყველაფერს დიდ ჭკუით ეკიდებოდნენ. კარგად არის გურია-აჭარის ჩანაწერები შესასწავლი, სადაც იქნება "მარჭიხოლის" აგების კონსტრუქცია შემონახული და რომ აღვადგინოთ, დღესაც შეიძლება გამოყენება. მე პირადად პარაშუტით გადმოვმხტარვარ და ამ უძველესი ქართული საფრენით სიამოვნებით გადმოვეშვებოდი. უცხოელებსაც ვაჩვენებდით ჩვენს უმდიდრეს ტრადიციებს!