ტკბილ ღვინოს ჩვენს ქვეყანაში ისტორიულად ყოველთვის ამზადებდნენ, თუმცა, ასეთი ტიპის სასმელს ადგილობრივი მომხმარებელი ნაკლებად სწყალობდა და ის, ძირითადად, საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა. წითელ ტკბილ ღვინოს საქართველოში ხშირად "ქალების ღვინოსაც" კი უწოდებენ, რაც იმის ნიშნავს, რომ თითქოს ტკბილი ღვინის გემოვნური თვისებები მაინც და მაინც ქალებში გავრცელებული გემოვნური მოდურობის შესატყვისია.
დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებულია ღვინის ძირითადად ექვსი კატეგორია: მშრალი, ნახევრად მშრალი, ტკბილი, ნახევრად ტკბილი, ცქრიალა და შემაგრებული ღვინოები. თუმცა, ეს კლასიფიკაციაც არაა მთლად ზუსტი. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობით, ტკბილი ღვინოები ტკბილად და ნახევარტკბილად არ იყოფა და ერთ კატეგორიაში, "ტკბილ ღვინოებში" მოიაზრება. იგივე ხდება მშრალ და ნახევრად მშრალ ღვინოსთან დაკავშირებითაც. არსებობს ბუნებრივად ტკბილი ღვინოები და ღვინოები, რომელთა ტკბილად დაყენება ტექნიკური ჩარევების შედეგია.