ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ინტერვენციებმა ლარი ერთ ადგილზე გააშეშა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სებ-მა სავალუტო აუქციონის მეშვეობით ბაზარს თითქმის 90 მლნ დოლარი გამოაცალა, აქედან 70 მლნ დოლარი - ბოლო 3 კვირაში. შედეგად, ლარის კურსის გამყარება ვერ მოხერხდა, ამასობაში კი ინფლაციამ ბოლო წლების რეკორდი მოხსნა. ფინანსისტების გათვლით, სავალუტო ინტერვენციების გარეშე კურსი ახლა 2,30-ის ფარგლებში იქნებოდა.
ცალკე საკითხია, რა გავლენას მოახდენდა მყისიერი გამყარება ეკონომიკაზე, რომლის მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში ისედაც არასახარბიელოა, მაგრამ იგი აუცილებლად დადებითად იმოქმედებდა ინფლაციაზე, რომელიც მოსახლეობას ახლა უკვე ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.
ბოლო პერიოდში სებ-ი და მთავრობა შეთანხმებულად მოქმედებენ. მათი პოლიტიკის პირობებში მაღალი კურსი და არასასურველი ინფლაცია ხელოვნურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. სამომხმარებლო ბაზარზე უჩვეულო სიძვირეა. იმპორტიორები არ ამცირებენ ფასს როგორც საწვავის, ასევე პროდუქტების სეგმენტში. ამ ფონზე ადგილობრივი მწარმოებლებიც თავს იკავებენ სეზონური გაიაფებისგან.
"მართალია, სებ-ი პასუხისმგებლობას ინფლაციაზე იტოვებს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერც აქ აღწევს. ივნისში წლიური ინფლაციის დონე 7.1%-მდე გაიზარდა. გვენეტაძის უწყება ყოველთვე პირობას დებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია კლებისკენ წავა, მაგრამ ნაცვლად ამისა, ყოველთვე მატულობს.
გაუფასურებული ლარი იმპორტიორებს და მეწარმეებს გაიაფების შანსს არ უტოვებს, შესაბამისად, არც აგრარული პროდუქცია იაფდება. ამიტომაცაა ყველაზე ძვირი ზაფხული ბოლო წლების განმავლობაში.
რაც უნდა იმართლოს თავი სებ-მა, ფაქტია, რომ მისი ქმედება, ერთი მხრივ, ხალხის, მეორე მხრივ კი, სავალუტო პროცესების ტენდენციის წინააღმდეგ არის მიმართული. დღესდღეობით ყველა პირობაა იმისა, რომ კურსი კიდევ უფრო გამყარდეს, მით უმეტეს, რომ დოლარი სხვა წამყვანი ვალუტების მიმართ სუსტდება და ბოლო პერიოდის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.
საბანკო სფეროს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სებ-ის არასწორი პოლიტიკა კურსზე უარყოფითად აისახება და ასეთი დამოკიდებულება ლარის გაუფასურებით დამთავრდება. ასე ფიქრობს ფინანსისტი, ორგანიზაცია "პირადი ბანკირის" ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე, რომლის შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციები გაცილებით ეფექტური იქნებოდა ლარის გაუფასურების პერიოდში და არა ახლა, როცა სებ-ისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა ფუნდამენტური ფაქტორის გამო, ლარი მეტ-ნაკლებად გამყარდა.