ტელეკომპანია "იმედში" დიდი ცვლილებებია. საუბარია რამდენიმე გადაცემის დახურვაზე, ან ფორმატის ცვლილებაზე. არხის ხელმძღვანელობა ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს დღემდე არ ადასტურებდა, თუმცა, დღეს დილით "იმედის დილის" წამყვანები და "დღის შოუს" წამყვანები მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.
"ეს ჩემთვის ბოლო ეთერია" - ამ სიტყვებით დაემშვიდობა "დღის შოუს" წამყვანი სოფო ნარჩემაშვილი მაყურებელს.
"მინდა ჩემს კოლეგებს ვუსურვო წარმატებები მომავალ პროექტებში, ხოლო ჩემს საყვარელ მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა, რომლისგანაც მხოლოდ სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობდი" - აღნიშნა სოფო ნარჩემაშვილმა გადაცემის დასასრულს.
რაც შეეხება "დღის შოუს" კიდევ ერთ თანაწამყვანს, ნინო ბარათაშვილს, იგივე შაინინას, გადაცემას ისიც ტოვებს და ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
"ჩემო ძვირფასო მაყურებელო! დღეს, ბოლო ეთერი მქონდა იმედის "დღის შოუში". წარმატებები მინდა ვუსურვო გადაცემას განახლებული ფორმატით.
მე ვრჩები "შაინინას რეცეპტების" გვერდზე და იმედი მაქვს, მალე, უფრო მეტნი ვიქნებით. ისევ გაგახარებთ შაინინას რეცეპტებით და რჩევებით. მიგულეთ ნებისმიერ დროს თქვენს დამხმარედ. იმედია, კვლავ შევხვდებით ეთერში... ან ქუჩაში... მიყვარხართ", - წერს ნინო ბარათაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
"დღის შოუს" წამყვანების ამ განცხადებებამდე AMBEBI.GE "იმედის" პროგრამების დირექტორს მაია ჩუგოშვილს დაუკავშირდა და არხზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ ვკითხეთ, თუმცა მან ინფორმაცია "დღის შოუს" შესაძლო დახურვის შესახებ არ დაგვიდასტურა:
"დღის შოუ" არ იხურება, უბრალოდ, ფორმატს იცვლის და განახლებული სახით გავა ეთერში" - აღნიშნა საუბრისას ჩუგოშვილმა.
ჩვენი ინფორმაციით, შუადღის გადაცემის წამყვანებიდან "იმედზე" მხოლოდ ეკო ფანგანი და ნანიკო ხაზარაძე დარჩებიან.
ასევე წაიკითხეთ: ცვლილებები "იმედში" - ვინ რჩება და ვინ მიდის ტელევიზიიდან